LIVE

საუდის არაბეთის პრინცი, ჯეკ დორსი - ვინ დააფინანსა მასკის მიერ Twitter-ის ყიდვა

04 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 526
საუდის არაბეთის პრინცი, ჯეკ დორსი - ვინ დააფინანსა მასკის მიერ Twitter-ის ყიდვა
Guy Martin/Bloomberg

ილონ მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის შემდეგ, კომპანიის აქციების საჯარო გაყიდვა შეწყდა. ნაღდი ფულის სახით, $44 მილიარდის გადასახდელად მასკს თანხის ბანკებისგან და კერძო ინვესტორებისგან სესხება დასჭირდა. Bloomberg-ის თანახმად, Twitter-ის ახალ ტოპ ინვესტორებს შორის არიან საუდის არაბეთის პრინცი, Twitter-ის თანადამფუძნებელი ჯეკ დორსი და ყატარის საინვესტიციო ორგანო.

პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი

აშშ-ის საფონდო ბირჟების მარეგულირებლის დოკუმენტების მიხედვით, საუდის არაბეთის პრინცმა Kingdom Holding-ის მეშვეობით, გარიგება დაახლოებით 1,9 მილიარდით დააფინანსა. 35 მილიონი აქციით ის Twitter-ის მე-2 უმსხვილესი ინვესტორი გახდა.  

ალვალიდმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაუჭირა მხარი მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის გეგმას. მისი თქმით, მასკი "შესანიშნავი ლიდერი" იქნებოდა.

ჯეკ დორსი

Twitter-ის თანადამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა $978 მილიონად შეფასებულ 18 მილიონზე მეტი აქციის სანაცვლოდ, Twitter-ის მაკონტროლებელი X Holdings-ის წილი მიიღო.

როდესაც მასკი აპრილში პირველად დათანხმდა Twitter-ის ყიდვას, დორსი წუხდა, რომ კომპანია უოლ სტრიტის "მფლობელობაში" იყო და ამბობდა, რომ მისი "განკერძოება" პირველი სწორი ნაბიჯი იყო.

ყატარის საინვესტიციო ორგანო

ყატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდის შვილობილმა კომპანიამ, მასკის ჰოლდინგის წილების სანაცვლოდ, $375 მილიონი გაიღო. 

Bloomberg Billionaires Index-ის შეფასებით, Twitter-ის აქციებიდან შემოსული ფსონების ღირებულება დაახლოებით 40%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მასკმა აპრილში შეთავაზება გააკეთა. ამის მიზეზი სოციალური მედიის კომპანიის აქციების ინდექსის ვარდნაა.

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება გასულ კვირას დაასრულა. Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგებისთვის მასკს ბანკებისგან $13-მილიარდიანი ვალის აღება დასჭირდა. ინვესტორებს შორისაა კრიპტობირჟა Binance, რომელმაც გარიგება $500 მილიონით დააფინანსა.