
ილონ მასკმა სან-ფრანცისკოში მდებარე Twitter-ის სათავო ოფისში თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანიის ყიდვის შემდეგ, პერსონალის 75%-ით შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ Bloomberg საკითხში გარკვეულ ხალხზე დაყრდნობით წერს.
გასულ კვირას The Washington Post-მა მოპოვებულ დოკუმენტებსა და საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკი Twitter-იდან დასაქმებულების 75%-ის გათავისუფლებას გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ ის სოციალური მედიის კომპანიის მფლობელი გახდება. გამოცემის თანახმად, მასკმა პოტენციურ ინვესტორებს განუცხადა, რომ კომპანიის 7500 თანამშრომლიდან დაახლოებით 5600-ს დაითხოვს და მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვან კადრებს დაიტოვებს.
მილიარდერი Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგების დასრულებას ხვალ აპირებს. Bloomberg-ის ინფორმაციითვე, გარიგებისთვის მასკი ბანკებისგან $13-მილიარდიან ვალს იღებს. Morgan Stanley, Bank of America და Barclays არიან ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მას მინიმუმ $2,5 მილიარდით დააფინანსებენ. $500 მილიონს მასკი კრიპტობირჟა Binance-სგანაც მიიღებს.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება $211 მილიარდს შეადგენს.