LIVE

ეროვნული ბანკის შეფასებით, ომის ეფექტით საქართველოში მხოლოდ 80 000 რუსი შემოვიდა

26 ოქტ 202217:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 850
ეროვნული ბანკის შეფასებით, ომის ეფექტით საქართველოში მხოლოდ 80 000 რუსი შემოვიდა

ეროვნული ბანკის შეფასებით, უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 80 000-ით მეტია ვიზიტორთა იმ რაოდენობაზე, რომლებიც მშვიდობიანობის დროს შემოვიდოდნენ. 

მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარეგულირებელი საქართველოში შემოსულ რუსეთის მხოლოდ 80 000 მოქალაქეს მიიჩნევს ომის ეფექტად, ანუ მიგრანტად. ამ შეფასებით ეროვნული ბანკი მიგრანტების ტურისტებისგან გამიჯვნას ცდილობს, რადგან უკრაინაში ომის გამო საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ხარჯები ტურიზმის სტატისტიკაში აისახება.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს, საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიიდან ვიზიტორთა ნაკადების ზრდა მოჰყვა. თავის მხრივ, ვიზიტორთა გაზრდილმა შემოდინებამ განთავსებისა და კვების სექტორის მომსახურებებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მთლიანობაში ერთობლივი მოთხოვნის ზრდაში აისახა. ამ ეტაპზე, მიგრანტების აღნიშნული ხარჯები, სტატისტიკური მეთოდოლოგიის მიხედვით, ტურიზმიდან შემოსავლებში აისახება.

მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენი ვიზიტორი შემოვიდოდა ქვეყანაში, ომი რომ არ მომხდარიყო. ისტორიული ტრენდების ანალიზისა და ეკონომეტრიკული მოდელის შეფასებაზე დაყრდნობით, ომის გამო, 24 თებერვლიდან მიგრაცია იზრდებოდა და პიკს ივლის-აგვისტოში მიაღწია. ამ პერიოდისთვის რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, მოსალოდნელთან შედარებით, დაახლოებით 70,000-ით მეტი იყო, თუმცა შემდეგ ეს რიცხვი ეტაპობრივად 50,000-მდე შემცირდა. თუმცა, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, 21 სექტემბრიდან მიგრაციის ახალი ტალღა წამოვიდა და საქართველოში მანამდე შემოსულ ვიზიტორებს კიდევ 30,000 შეემატა. საბოლოოდ, საქართველომ რუსეთიდან დაახლოებით 80,000 ვიზიტორით მეტი მიიღო“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

რაც შეეხებათ ბელარუსის მოქალაქეებს, სებ-ის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან აგვისტოს ჩათვლით ბელარუსიდან, მოსალოდნელთან შედარებით, 13,000 ადამიანით მეტი შემოვიდა, თუმცა სექტემბრიდან ეს მაჩვენებელი 10,000-მდე შემცირდა.

„მთლიანობაში, ამ ორი ქვეყნიდან ვიზიტორთა რიცხვი 80,000-90,000-ით აღემატება იმ ვიზიტორთა რაოდენობას, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს შემოვიდოდნენ. ამ ნამატს ომის ეფექტად მივიჩნევთ და შემოსულ პირებს მიგრანტებად მოვიხსენიებთ“, - აღნიშნავენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის ანგარიშში მოყვანილია გერმანიის ეკონომიკური გუნდის (German Economic Team) მიერ 2022 წლის მეორე ნახევარში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, ომის გამო საქართველოში წამოსული ბელარუსების და რუსების უმეტესობა ახალგაზრდაა და უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. მათი დიდი ნაწილი ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში სრული განაკვეთითაა დასაქმებული.

„ამავე კვლევის მიხედვით, ომის შემდეგ რუსეთიდან წამოსული ოჯახი საქართველოში ყოფნისას საშუალოდ თვის განმავლობაში $1,730-ს, ბელარუსიდან წამოსული კი - $1,440-ს ხარჯავს. რადგან გამოკითხულთა დიდი ნაწილი საქართველოში ნახევარი წლით ან მეტი ხნით დარჩენას აპირებს, შეგვიძლია მიახლოებით შევაფასოთ, თუ რა გავლენას მოახდენს ამ მიგრანტთა დანახარჯები მოთხოვნასა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე მიმდინარე წელს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიგრანტთა მეორე ნაკადის დანახარჯები პირველი ნაკადისაგან შესაძლებელია, განსხვავდებოდეს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რუსეთიდან წამოსული მიგრაციის მეორე ნაკადი პროფესიული უნარ-ჩვევებითა და შემოსავლებითაც, გაზაფხულის მიგრანტთა ნაკადისგან განსხვავდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ მეორე ნაკადის მიგრანტი ოჯახების საშუალო დანახარჯები შედარებით ნაკლები იქნება და ვუშვებთ, რომ ეს თანხა საშუალოდ თვეში $1,000-ის ფარგლებში იქნება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ამ დაშვებებსა და ანალიზზე დაყრდნობით, სებ-ი ელის რომ 2022 წელს მიგრანტებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები 500 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.

მარეგულირებლის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება, რაშიც მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-სექტემბრის პერიოდში, საქართველოს საზღვარი 1 018 912-მა რუსმა გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მონაცემები 431%-ითაა გაზრდილი.

მხოლოდ სექტემბერში კი საქართველოში რუსეთის 222 274 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 511%-ით აღემატება.