LIVE

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.8%-მდე გაზარდა

05 ოქტ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 756
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.8%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 8.8%-მდე გაზარდა.

ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის გაუმჯობესება უკავშირდება ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილ შემოსავლებს.

მსოფლიო ბანკში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ.

„ეს მეტწილად განპირობებულია ადგილობრივი მოთხოვნის და ფულადი გადარიცხვების მატებით, ისევე როგორც ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლის ზრდით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ეროვნულმა ბანკმა უნდა შეინარჩუნონ სიფხიზლე. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება თუ ინფლაცია გაიზრდება. და რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობას ვურჩევთ შეინარჩუნოს წინდახედული მიდგომა ფისკალური თვალსაზრისით და გამოიყენოს ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი, რათა შეამსუბუქოს გარკვეული ფისკალური ტვირთი“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. 

რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზს, საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, მომავალ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ, 4.2%-მდე შენელდება, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებასა და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.

მსოფლიო ბანში აცხადებენ, რომ 2023 წელს მოსალოდნელია ფასების ზრდის ტენდენციის კლება, რადგან მოთხოვნა შემცირდება და გრძელვადიანი ფიქსირებული ფასის კონტრაქტები სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს საქართველოში ენერგომატარებლების ფასით გამოწვეული შოკების შერბილებას.

ამასთან, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის პროგნოზები გამოწვევებითაა აღსავსე. საფინანსო ინსტიტუტი, 2022 წელს რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის 0.2%-ის ოდენობით შემცირებას ელოდება, ძირითადად რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწეული შედეგების გამო.

საფინანსო ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რეგიონში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალ, დაახლოებით 0.3%-ის დონეზე შენარჩუნდება, მიმდინარე ინფლაციის მაღალი დონის, გლობალური საფინანსო ბაზრების გამკაცრებისა და რეგიონში არსებული გამოწვევებით სავსე ფისკალური მდგომარეობის პირობებში. 

სებასტიან მოლინეუსი მიგრანტების ეფექტზე სექტემბერშიც საუბრობდა, როცა აღნიშნა, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო.  

შეგახსენებთ, 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე უკვე გაზარდა საქართველოს მთავრობამ. პროგნოზი შეცვალა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 9%-იან ზრდას ელის.  

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე გაზარდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკი (ADB) კი 3.5%-ის ნაცვლად, 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.