პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ ბიზნესს დასაქმების ერთიანი პლატფორმის შექმნის ინიციატივით მიმართავს.
როგორც ხაზარაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, დღეს ქვეყნის მტრების საუკუნოვანი ოცნება რეალობაც იქცევა, რადგან ქართველები ქვეყანას ტოვებენ.
"დღეს საქართველოში ათიათასობით რუსი ეროვნების ადამიანი შემოდის და ამავე დროს ასი ათასმა ქართველმა უკვე დატოვა ქვეყანა, ასი ათასზე მეტი კი წასასვლელად ემზადება. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს კატასტროფაა. მაქვს იდეა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ. მოვუწოდებ ყველა ბიზნესს, მსხვილს თუ საშუალოს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად. ასევე, საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპერებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში რეალურ სამუშაო ძალას სწორედ ბიზნესი ქმნის, ამიტომ გაერთიანება სწორი ნაბიჯი იქნება.
საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ძალა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით, წლიურ ჭრილში 6.8%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ ქვეყანას 102 500 შრომისუნარიანი მოქალაქე გამოაკლდა. კლების ტენდენცია შეინიშნება წინა კვარტალთან შედარებითაც, სამუშაო ძალა 45 400 ადამიანით შემცირდა და ჯამურად მილიონ-ნახევარი ადამიანი შეადგინა.
2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი წავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა 10 წელში 7%-ით გაიზარდა.