LIVE

2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი წავიდა - PMC

13 სექ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1163
2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი წავიდა - PMC

2010-2020 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 861 ათასი ადამიანი წავიდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23%-ია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობა 10 წელში 7%-ით გაიზარდა. 

PMC-ის მიხედვით, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი (85 ათასი), უკრაინა (65 ათასი) და აზერბაიჯანი (49 ათასი).

გაანალიზებულ პერიოდში ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

2010-დან 2020 წლის ჩათვლით აშშ-ში ემიგრანტების რაოდენობა 17 ათასი ადამიანით გაიზარდა. 2020 წლის მონაცემებით, აშშ-ში 39 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა.

„ქართველი ემიგრანტების მნიშვნელოვანი ნაწილი არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს მიმღებ ქვეყანაში. საქართველოდან წასული ემიგრანტების მთავარი მოტივაციაა საქართველოში მყოფი ოჯახებისთვის ფულის გამოგზავნა, რათა უზრუნველყონ მათი საცხოვრებელი პირობები“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით ფულად გზავნილებს, ამ კუთხით ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი.

„აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების ოდენობა და წილიც, საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან ოდენობაში, მცირდება. 2012-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, გაიზარდა გზავნილები სხვა წამყვანი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აშშ-დან 284%-ით. საგრძნობლად მოიმატა გზავნილების მოცულობამ სხვა სახელმწიფოებიდანაც (310%)“, - აცხადებენ PMC კვლევითი ცენტრში.

მიმოხილვის თანახმად, ფულად გზავნილებს ძლიერი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2.35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს.

„ფულად გზავნილებზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მაჩვენებელს თუ შევადარებთ, შემდეგი სურათი იკვეთება - 2020 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფულადი გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით და მეორე ადგილი - აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მოლდოვას შემდეგ“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში იმის დაწყების შემდეგ. მხოლოდ ივლისში რუსეთიდან 100 მლნ დოლარი გადმოირიცხა, წლიური ზრდა 151%-ია.