LIVE

რუსი ოლიგარქის იახტის მიღების გამო, აშშ ჰონგ-კონგს აფრთხილებს

10 ოქტ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 517
რუსი ოლიგარქის იახტის მიღების გამო, აშშ ჰონგ-კონგს აფრთხილებს

შეერთებული შტატები ჰონგ-კონგს აფრთხილებს, რომ სანქცირებული პირების დახმარებამ შესაძლოა მის წინააღმდეგ შეზღუდვების ამოქმედება გამოიწვიოს.

$500 მილიონად შეფასებული გემი Nord, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ალექსეი მორდაშოვის სახელს უკავშირდება, ჰონგ-კონგში 5 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ  ვლადივოსტოკიდან შევიდა. 

მორდაშოვი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ითვლება, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.

"იმ პირების მიერ, რომლებიც თავს არიდებენ არაერთი ქვეყნის სანქციებს, ჰონგ-კონგის უსაფრთხო თავშესაფრად შესაძლო გამოყენება, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს მისი ბიზნეს გარემოს გამჭვირვალობის შესახებ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ხაზგასმულია, რომ ქალაქის, როგორც ფინანსური ცენტრის, რეპუტაცია დამოკიდებულია საერთაშორისო კანონმდებლობისა და სტანდარტების დაცვაზე.  

ჰონგ-კონგის საზღვაო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს აღასრულებს, ის არ ახორციელებს "სხვა სამართლებრივი სისტემის მიერ დაწესებულ ცალმხრივ სანქციებს". 

არსებობს ვარაუდი, რომ რუსმა ოლიგარქებმა შეიძლება აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით, საკუთარი აქტივების ჰონგ-კონგში გადატანა სცადონ.

ჩინეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობაზე უარს ამბობს. პრეზიდენტმა სი ძინპინმა კი შეჭრის წინა დღეს განაცხადა, რომ პუტინთან "უსაზღვრო" მეგობრობა აკავშირებს.

ჰონგ-კონგის, როგორც გლობალური ფინანსური ცენტრის სტატუსი ბოლო წლებში შესუსტდა, რაც ბოლო დროს პეკინის მიერ მოწყობილ დარბევებს, ასევე Covid-19-ის შეზღუდვებს უკავშირდება. 

აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა პუტინთან დაახლოებულ პირებთან დაკავშირებული ათზე მეტი იახტა დააყადაღეს. Severstal-ის უმსხვილესმა აქციონერმა, მორდაშოვმა სხვა რუს ბიზნესმენებთან ერთად, სანქციები გაასაჩივრა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რებეკა ჩუნგ უილკინსი