LIVE

მოლინეუსი: საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება

13 სექ 202219:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 846
მოლინეუსი: საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განაცხადებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება.

საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე მიგრანტების ეფექტის გავლენასთან დაკავშირებით „ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება აღნიშნული ეფექტი.

მისივე შეფასებით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რომელთა გაგრძელებაც აუცილებელია.

„ნამდვილად, ვფიქრობ, საქართველოში დღეს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება, არამხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსულ მიგრანტებს. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ გაურკვეველია თუ რამდენ ხანს გასტანს ასე. შესაბამისად, არ მიმაჩნია, რომ გონივრულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთჯერად საკითხებზე დაფუძნება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ბოლო წლებში რეგიონის მასშტაბით ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ქვეყანამ ბევრი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა გაატარა და მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები გაგრძელდეს, რასაც ვხედავთ კიდეც. ბევრ სექტორში ტარდება რეფორმები, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით, ინვესტიციები იდება ასევე ჯანდაცვის და განათლების სექტორებში“, -  განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. ამასთან, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა.