LIVE

ნოვაკი: Nord Stream-ის შეკეთება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა იყოს

02 ოქტ 202220:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 524
ნოვაკი: Nord Stream-ის შეკეთება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა იყოს

Nord Stream-ის წყალქვეშა რღვევების შეკეთება ტექნიკურად შესაძლებელი უნდა იყოს. საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა. 

"ასეთი შემთხვევები აქამდე არასდროს ყოფილა. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის აღდგენის ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს, ამას დრო და შესაბამისი თანხები სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი საშუალებები მოიძებნება", - თქვა ნოვაკმა. 

Nord Stream-ის მილსადენებიდან გაზმა ბალტიის ზღვაში გასული კვირის დასაწყისში გაჟონა. ევროპულმა ქვეყნებმა სულ ოთხი რღვევა: ორი შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში აღმოაჩინეს. 

ევროპაში ეჭვობენ, რომ Nord Stream მილსადენის სისტემის დაზიანება, დივერსიის შედეგია. პუტინმა მომხდარის გამო, "ანგლო-საქსები" დაადანაშაულა, დასავლელმა ლიდერებმა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადეს, რომ ევროპისთვის ენერგომომარაგებით მანიპულირების მცდელობაში დამნაშავე რუსეთია. 

"ეს იყო მიზანმიმართული დივერსიული აქტი. ახლა კი რუსები ავრცელებენ დეზინფორმაციას და სიცრუეს", - განუცხადა პარასკევს ბაიდენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. 

დანიის ხელისუფლების ინფორმაციით, Nord Stream-ის მილსადენებიდან ჟონვა შეჩერებულია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია