LIVE

შვედეთმა Nord Stream მილსადენებზე გაჟონვის მე-4 შემთხვევა აღმოაჩინა

29 სექ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 550
შვედეთმა Nord Stream მილსადენებზე გაჟონვის მე-4 შემთხვევა აღმოაჩინა

შვედეთის სანაპირო დაცვის სამეთაურო ცენტრის ცნობით, ბალტიის ზღვაში Nord Stream 2 გაზსადენზე ახალი გაჟონვა აღმოაჩინეს, რის შედეგადაც რღვევების საერთო რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.  

Nord Stream-ის მილსადენებიდან გაზი მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ჟონავს. დანიის შეფასებით, მილები კვირას დაიცლება.

ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ მილსადენი "განზრახ" არის დაზიანებული და ეს დივერსიაა

გუშინ ფინეთმა განაცხადა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს სათავეში მყოფს შეუძლია ასეთი მასშტაბის მოქმედების განხორციელება. 

ინციდენტი გამო, ევროპის მასშტაბით, ქვეყნები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას აძლიერებენ. უსაფრთხოებასთან ერთად, გაზის გაჟონვა ეკოლოგიური პრობლემაცაა. 

Nord Stream მილსადენები რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერზე საერთაშორისო წყლებში მიედინება. შვედური მედიის ინფორმაციით, ორი გაჟონვა შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ორი კი დანიის ეკონომიკურ ზონაში ფიქსირდება. მომხდარს დანიისა და შვედეთის პოლიცია იძიებს. 

სანაპირო დაცვის განცხადებით, შვედეთის ზონაში გაჟონვის ადგილიდან ამოსული ორი ბუშტუკის დიამეტრი 900 მეტრი და 180 მეტრია. 

გაჟონვის მომენტში მილსადენები გამორთული იყო, მაგრამ შემთხვევის შემდეგ, გაქრა ყოველგვარი იმედი, რომ კრემლმა შესაძლოა, მიწოდება განაახლოს. 

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას გასული თვეების განმავლობაში უმცირებდა. ევროპელი ლიდერების განცხადებით, ის ენერგორესურსებს იარაღად იყენებს და მის ქმედებას მარაგების შევსებითა და ალტერნატიული წყაროების მოძიებით პასუხობს. 

ბლოკი ომამდე რუსეთიდან, მილსადენის მეშვეობით, გაზის დაახლოებით 40%-ს იღებდა, ეს მაჩვენებელი ახლა დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კრისტოფერ იუნგშტედტი და ქატი პოჰჯანპალო