LIVE

OPEC+ ნავთობის დღიური მოპოვების 1 მილიონ ბარელზე მეტით შემცირებას განიხილავს

02 ოქტ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
OPEC+ ნავთობის დღიური მოპოვების 1 მილიონ ბარელზე მეტით შემცირებას განიხილავს

ნავთობის მწარმოებელთა OPEC+ ჯგუფი ოთხშაბათს ვენაში დაგეგმილ შეხვედრაზე ნავთობის მოპოვების შემცირებას განიხილავს. Bloomberg დელეგატებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტ მოცულობაზე. 

ჯგუფის მიერ მოპოვების შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა დასახელებული რიცხვი ნავარაუდევ კლებას აღემატება, რაც ასახავს გლობალური ეკონომიკის შესაძლო რეცესიით გამოწვეულ შეშფოთებას, რამდენადაც გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკის შენელების რისკზე მიუთითებს. ფასებზე გავლენა გამყარებულმა დოლარმაც იქონია. 

თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $125-ს აჭარბებდა, გასულ კვირას კი $85-ს ჩამოსცდა, რაც ამცირებს ნავთობის მომპოვებლების: საუდის არაბეთის, რუსეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებისა და კოალიციის სხვა წევრების არნახულ შემოსავლებს.

23 ქვეყნისგან შემდგარი ალიანსის შეხვედრა ოთხშაბათს ვენაში, მის შტაბ-ბინაშია დაგეგმილი. ჯგუფი ყოველთვიურად ონლაინ რეჟიმში იკრიბებოდა და პირისპირ შეხვედრა მინიმუმ წლის ბოლომდე მოსალოდნელი არ იყო.

მოპოვების შემცირების მასშტაბზე საბოლოო გადაწყვეტილება მინისტრების შეკრებამდე არ მიიღება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სალმა ელ ვარდანი და გრანტ სმიტი