Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, პირველად წარადგინა სამუშაო გუნდების რეორგანიზაციისა და თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების ფართო გეგმები, რასაც სოციალური მედიის გიგანტის სწრაფად ზრდის ეპოქის დასასრული უწოდა.
ცუკერბერგის თქმით, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, კომპანია დაარსების შემდეგ პირველად, ახალი თანამშრომლების მიღებას შეაჩერებს და ზოგიერთი სამუშაო გუნდის რესტრუქტურიზაციას განახორციელებს. შედეგად, Meta 2023 წელს უფრო პატარა იქნება, ვიდრე წელსაა.
ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ კომპანია სამუშაო ჯგუფების უმრავლესობას ბიუჯეტს შეუმცირებს და ამის შემდეგ, საკადრო ცვლილებებს თავად ჯგუფები უნდა გაუმკლავდნენ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეს პერსონალის სხვა გუნდებში გადაყვანასა და ნაკლებად წარმატებული კადრების გათავისუფლებას შეიძლება ნიშნავდეს.
„იმედი მქონდა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ამ დროისთვის უფრო მეტად დასტაბილურდებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, შედეგი ჯერ არ ჩანს, ამიტომ, გვსურს გარკვეულწილად კონსერვატიულ გეგმას მივყვეთ," - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
Meta-ს პრესსპიკერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.
სიახლის შემდეგ, Meta-ს აქციების ფასი, რომელიც ისედაც კლებადი იყო, 3.7%-ით დაეცა. საერთო ჯამში კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 60%-ით შემცირდა.
შემდგომი ხარჯებისა და თანამშრომლების რაოდენობის შემცირება Meta-ს ყველაზე აშკარა აღიარებაა, რომ მომხმარებელთა ყურადღებისთვის მზარდი კონკურენციის ფონზე, სარეკლამო შემოსავლების ზრდა შენელდება.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანია მხოლოდ ეკონომიკური წნეხის ქვეშ არ იმყოფება. Meta-ს სარეკლამო ბიზნესი სამიზნე აუდიტორიაზეა აგებული, რაც გულისხმობს, რომ კომპანია მომხმარებელს რეკლამებს მისივე ინტერესების მიხედვით სთავაზობს. თავის მხრივ, ამ ინფორმაციის მოპოვება ხორციელდება Meta-ს მიერ მომხმარებელთა აქტივობაზე თვალის დევნებით.
ახლახან Apple-ის მიერ მიღებული კონფიდენციალურობის შეზღუდვის გამო კი Meta ვეღარ შეძლებს iPhone-ის მომხმარებელთა აქტივობაზე თვალის დევნებას, რაც ცხადია, დიდი ჩავარდნაა კომპანიისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ TikTok-ი Instagram-ს ახალგაზრდა მომხმარებელს თანდათან ართმევს.
ამ ყველაფრის ფონზე, ცუკერბერგი აკეთებს ძვირადღირებულ ფსონს „მეტავერსზე“, ვირტუალური რეალობის იმერსიულ მომავალზე, სადაც, მისი აზრით, ადამიანები საბოლოოდ დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ცუკერბერგის თქმით, პროექტის განსახორციელებლად საჭირო ძალისხმევა მრავალი წლის განმავლობაში წამგებიანი იქნება.
ცუკერბერგმა ივლისში განაცხადა, რომ „Meta სტაბილურად შეამცირებს თანამშრომელთა რაოდენობას. ბევრი გუნდი აპირებს შემცირებას, რათა შევძლოთ ენერგიის სხვა სფეროებში გადატანა".
შიდა პრიორიტეტები მოიცავს Reels-ის განვითარებას რომელიც TikTok-ის კონკურენტს წარმოადგენს. Meta-ს ჰყავდა 83,500-ზე მეტი თანამშრომელი 30 ივნისის მდგომარეობით, ხოლო მეორე კვარტალში 5,700 ახალი თანამშრომელი აიყვანა.
აღსანიშნავია, რომ Meta არ არის ერთადერთი რეკლამაზე დამოკიდებული კომპანია, რომელსაც ფართო ეკონომიკური გამოწვევები შეექმნა. Twitter-მა მაისში ახალი თანამშრომლების მიღებაზე უარი თქვა და თანამშრომლებს სთხოვს, შეამცირონ მოგზაურობისა და მარკეტინგის ხარჯები. Alphabet-ის Google-მაც განაცხადა, რომ აპირებს შეანელოს ახალი კადრების მიღების ტემპი, Snap-მა კი სამუშაო ძალის 20% აგვისტოში შეამცირა.
შეგახსენებთ, Meta მარკ ცუკერბერგის მიერ 2004 წელს დაარსებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც სახელი 2021 წელს შეეცვალა. კომპანია ამჟამად ფლობს პლატფორმებს, როგორებიცაა, Facebook, Instagram და WhatsApp.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი