კომპანია Facebook-ი სახელს იცვლის და Meta ხდება. ცვლილება კორპორაციაში შემავალ პლატფორმებზე (Facebook, Instagram, Whatsapp) არ ვრცელდება და მხოლოდ მათ მფლობელ კომპანიას ეხება.
ეს ნაბიჯი ასახავს მარკ ცუკერბერგის აქცენტს ახალ პლატფორმაზე, სახელწოდებით the metaverse. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცუკერბერგის მიზანი Facebook-ის მზარდი ტოქსიკური რეპუტაციიდან ყურადღების გადატანაა. კომპანიის დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ვირტუალური რეალობა მის მომავალს უზრუნველყოფს, მაგრამ ასეთი ტექნოლოგიები ჯერ კიდევ შორს არის ფართო გამოყენებისგან.
რა არის მეტავერსი?
თაე კიმს აქვს ახსნა: “მუდმივად ჩართული მრავალმოთამაშიანი ვიდეოთამაშის ფუტურისტული ვერსია, სადაც შეგიძლიათ თამაში, სოციალიზაცია, ან თუნდაც ბიზნესის მართვა კომპიუტერის მიერ შექმნილ რეალისტურ გარემოში”.
შეუძლია თუ არა Meta-ს გაემიჯნოს იმ პრობლემებს, რომელიც მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა გამოავლინა, როდესაც კომპანია მომხმარებელთა რაოდენობის ზრდისთვის ინვესტორებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. ასევე, ეჭვქვეშ დადგა, რამდენად სურს კომპანიას სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და თუ როგორ გამოიყენებოდა პლატფორმა შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმზე 6 იანვრის თავდასხმის ორგანიზებაში.
რებრენდინგის რისკი
არ არსებობს გარანტია, რომ შედეგი არ იქნება კატასტროფული. გავიხსენოთ Gap და Tropicana Products. Gap და Tropicana იყო საყვარელი ბრენდები, რომლებიც წავიდნენ თამამ რებრენდინგზე. თუმცა საზოგადოების კრიტიკამ გადაწყვეტილების შეცვლა და გაუქმება განაპირობა. 2001 წელს Royal Mail გახდა Consignia, ამით უარი თქვა 500 წლიან ისტორიაზე, რომლის შეცვლას შემდეგ 16 თვე დასჭირდა.
თავდაპირველად, ეს აუცილებლად გამოიწვევს აღშფოთებისა და დაცინვის ქარიშხალს. ცუკერბერგი და კომპანიის სხვა უფროსი მენეჯერები მოელიან, რომ ეს იქნება ერთგვარი რიტუალი. თუ ადამიანებს ყოველ ჯერზე კომპანიის ხსენებისას მეტავერსს ახსენებენ, ეს იქნება ნაბიჯი სივრცის ფლობისკენ - და შესაძლოა წარსულის დავიწყებაც კი.
მეტავერსის ჯილდო
თუ მეტავერსის თამაში წარმატებული იქნება, შეიძლება არ იყოს მუდმივი საჭიროება იმ გამოწვევებზე პასუხის გაცემის, როგორიცაა ყალბი ამბებისა და სიძულვილის ენის გაფილტვრა, მონაცემთა შეგროვების შეზღუდვა, რეკლამის თარგეთირების გამჭვირვალობა - ყველა ეს მოუგვარებელი, შემაშფოთებელი უსიამოვნება, რომელიც Facebook Papers-მა დაადასტურა. მათ ჩაანაცვლებს ახალი გამოწვევები და სანამ მედია და მარეგულირებლები ყურადღებას არსებულ პრობლემებზე გაამახვილებენ, მარკ ცუკერბერგმა შესაძლოა კიდევ უფრო მომგებიანი შედეგები მიიღოს, ვიდრე სოციალური მედიის ეპოქაში იღებდა.
რეალური პრობლემა
მეტავერსი კარგია, როგორც გვერდითი აურზაური, მაგრამ რეალურ სამყაროში, სადაც რეალური ხალხი ცხოვრობს, Facebook დიდ ზიანს აყენებს სოციუმს. Facebook და მასთან დაკავშირებული პლატფორმები არის ის ადგილი, სადაც Covid-19-ის შეთქმულების თეორეტიკოსები და ანტი-ვაქსერები ყველაზე პროდუქტიულად მუშაობენ, სადაც ანტიდემოკრატიული აჯანყებულები და ულტრამემარჯვენეები შემდგომ ნაბიჯებს გეგმავენ. Wall Street Journal-ის ცნობით, ახალგაზრდა გოგონებს უვითარდებათ კვებითი დარღვევები. მამხილებელმა ფრენსის ჰაუგენმა უთხრა კონგრესს, რომ კომპანიაში კონფლიქტი მოგებასა და უსაფრთხოებას შორის მუდმივად მოგების სასარგებლოდ წყდება.
სკანდალში გახვეული კომპანიის კომპანიის რებრენდინგი არასოდეს არის ყველაზე საიმედო საშუალება იმ პრობლემების წინააღმდეგ, რომლებიც ანგრევს მის საქმიანობას ან რეპუტაციას. კომპანიები ხშირად იცვლიან სახელებს უთანხმოების და არა რაღაც რადიკალური სტრატეგიული ცვლილების გამო, რომელიც ტრანსფორმაციას მოითხოვს.
რეალური გამოსავალი
Facebook-ის ჰიპერ-ფოკუსირება მეტავერსზე ასახავს მისი მენეჯმენტის და, კერძოდ, მარკ ცუკერბერგის არაეფექტურ განსჯას. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ Facebook ხანდაზმულებს შეთქმულების თეორიებისკენ უბიძგებს, ხოლო მოზარდებს - ჯანმრთელობის პრობლემებისკენ. ამის ნაცვლად, ცუკერბერგმა უნდა დაიქირაოს ათასობით თანამშრომელი, განსაკუთრებით კონტენტის მოდერატორები, რათა დაეხმარონ მის პლატფორმაზე მავნე კონტენტის იდენტიფიცირებაში, სანამ შექმნიან ახალს, რომელიც ძველ პრობლემებს აგვარებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრუკ სემპლი