LIVE

გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა - სებ

28 სექ 202212:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 685
გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა - სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა.

მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს.

"უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. 

მიმდინარე წელს უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება",- აღნიშნულია სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე, დატოვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მიგრანტების ნაკადი კიდევ გაიზარდა ბოლო დღეებში, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. შსს-ს თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოს საზღვარი 78 742-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. მიგრანტების ნაკადმა გაზარდა მოთხოვნა როგორც გასაყიდ, ასევე გასაქირავებელ ბინებზე, რასაც ფასების მკვეთში მატება მოჰყვა.