თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია 24-წლიან მაქსიმუმზეა და ლირა რეკორდულად დაბალ დონეზე ივაჭრება.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საორიენტაციო მაჩვენებელი 13%-დან 12%-მდე შეამცირა. ბანკმა ეს გადაწყვეტილება ეკონომიკურ აქტივობაში იმპულსის დაკარგვით ახსნა.
განაკვეთის შემცირების შემდეგ, ლირა გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებით მორიგ დაბალ ნიშნულამდე დაეცა. სტამბოლში 14:04 საათისთვის ლირა 0,3%-ით გაუფასურდა.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ზედიზედ მეორედ შეამცირა. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტების უმეტესობა აგვისტოში განაკვეთის 100 საბაზისო პუნქტით შემცირების შემდეგ, ცვლილებას არ მოელოდა. ეკონომისტების ნაწილმა კი მცირე შემცირება იწინასწარმეტყველა.
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ბანკის ხელმძღვანელი არაორდინარულ გზას ირჩევენ და ინფლაციის შეკავების მიზნით, განაკვეთს ამცირებენ. ამ მიდგომამ თურქული აქტივები უფრო დაუცველი დატოვა. წლიურმა ინფლაციამ 80%-ს გადააჭარბა, ლირა კი განვითარებად ბაზრებზე მიმდინარე წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებლით გამოირჩევა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერილ აკმანი