LIVE

რა უჯდება ბრიტანეთს დედოფლის დაკრძალვის ცერემონია

19 სექ 202221:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 783
რა უჯდება ბრიტანეთს დედოფლის დაკრძალვის ცერემონია

ბრიტანეთის მთავრობას ჯერ არ გაუსაჯაროებია რა ჯდება დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვა. ოფიციალური პირების განცხადებით, საზოგადოება დეტალებს "თავის დროზე" შეიტყობს.

სავარაუდოდ, ხარჯი მნიშვნელოვანი იქნება და მას სახელმწიფო დაფარავს. მოსალოდნელია, რომ დედოფლის დაკრძალვის ხარჯები გადააჭარბებს 1965 წელს უინსტონ ჩერჩილის და 2002 წელს დედა დედოფლის მასშტაბური დაკრძალვის ცერემონიის ხარჯებს. 

თემთა პალატის ანგარიშის თანახმად, დედა დედოფლის სამგლოვიარო ღონისძიებები 825,000 ფუნტი ($954,000), ხოლო უსაფრთხოების დაცვა 4,3 მილიონი ფუნტი ($5 მილიონი) დაჯდა. 

პრინცესა დიანას დაკრძალვის ღირებულებამ, სავარაუდოდ, 3-5 მილიონი ფუნტი ($3,4-$5,5 მილიონი) შეადგინა.

უსაფრთხოების დაცვა 6,3 მილიონი ფუნტი დაჯდა პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში. დედოფლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო მეტია, რაც უსაფრთხოების ხარჯებს ზრდის.  

დიდმა ბრიტანეთმა დაკრძალვის დღე დასვენების დღედ გამოაცხადა. დაიხურა სკოლები, საავადმყოფოები და აფთიაქები. ბიზნესის ნაწილმა, მათ შორის, McDonald’s-მა და Zara-მ დედოფლის დაკრძალვის დღეს მუშაობის შეჩერება გადაწყვიტა.

ეკონომიკური აქტივობის შეჩერების გავლენის შედეგი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარე წლის ივნისში დედოფლის პლატინის დაბადების დღესთან დაკავშირებული დასვენების გამო, წარმოება 2.4 მილიარდი ფუნტით დაზარალდა, თუმცა ეს ზარალი ანაზღაურდა 6 მილიარდი ფუნტის შემოსავლით, რაც ბრიტანეთის სტუმარმასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის ბიზნესმა დღესასწაულის აღნიშვნის შედეგად მიიღო. სამგლოვიარო დღეებში მსგავსი შემოსავლის მიღებას არავინ მოელის. 

ბრიტანეთის საზოგადოებისთვის უფრო დიდი პრობლემა შეიძლება იყოს სამეფო ოჯახის ფინანსების გაუმჭვირვალობა, მათ შორის, ფაქტი, რომ სამეფო ოჯახის წევრებს არ უწევთ მემკვიდრეობის გადასახადის გადახდა. ჩვეულებრივ ბრიტანელები 325,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების მემკვიდრეობის მიღებისას 40%-ს იხდიან.

ბრიტანეთის ხაზინა სამეფო ოჯახს უხდის გადასახადს, რომელსაც სუვერენული გრანტი ეწოდება. მიმდინარე წელს გრანტმა 86.3 მილიონი ფუნტი შეადგინა. გრანტის თანხის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა უფრო სჭარბობს: წინა წლის გრანტი, თუ 15.6 მილიონ ფუნტად შეფასებული სამეფო ქონების მართვის ფონდის, Crown Estate-ის მოგების 25%.

თანხას ოჯახი იყენებს სამეფო მოვალეობებისთვის, როგორიცაა ვიზიტები, ხელფასები და სახლის მოვლა, მაგრამ ის არ ფარავს უსაფრთხოების ხარჯებს, რომელსაც იხდის მთავრობა და მისი ოდენობა  გასაიდუმლოებულია.

სამეფო ოჯახის ქონება $28 მილიარდად არის შეფასებული.

დედოფალ ელისაბედ II-ის სამგლოვიარო ღონისძიებების, სავარაუდო, სოლიდური ფასის მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაც გახდება. ბრიტანეთში სამომხმარებლო ფასები გასული 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. ენერგიაზე გაზრდილი ფასების გამო, ინფლაცია თითქმის 10 პროცენტიან მაჩვენებელს უტოლდება. 

სექტემბრის დასაწყისში ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა, ლიზ ტრასმა, წარადგინა გეგმა, რომლითაც წლიური ენერგეტიკული ხარჯები საშუალო ოჯახისთვის 2500 ფუნტამდე უნდა შემცირდეს.

გასულ თვეში, სანამ ენერგეტიკული გადასახადების გაყინვის პოლიტიკა გამოცხადდებოდა, ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ამ წლის ბოლოს მოსალოდნელია ხანგრძლივი რეცესიის დაწყება.