LIVE

ივლისში ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 აგვ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 513
ივლისში ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო.

იმდინარე წლის ივლისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა, ასევე სასტუმროები და რესტორნები. 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების დარგებში. 

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 36.4%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა - 34.8%-ით. 

ამასთან, მხოლოდ ივლისში საქართველოში, 5 681 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 33%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 22%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 450 მლნ ლარს გადააჭარბა. 

რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზებს, მთავრობა წელს მინიმუმ 6%-იან ზრდას ელის და უკვე დაანონსდა, რომ არსებული პროგნოზი ზრდის მიმართულებით გადაიხედება. 3 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. მანამდე კი, 28 ივნისს, სებ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა და საბაზო სცენარით ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდი, რუსეთ-უკრაინის ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ელის. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა