LIVE

უმდიდრესმა ამერიკელებმა ერთ დღეში $93 მილიარდი დაკარგეს

14 სექ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1057
უმდიდრესმა ამერიკელებმა ერთ დღეში $93 მილიარდი დაკარგეს

ამერიკის უმდიდრესი მილიარდერების ქონება ერთ დღეში $93 მილიარდით შემცირდა. ეს ისტორიულად მე-9 ყველაზე დიდი დღიური კლებაა. მას წინ ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნება უძღოდა. აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ყველაზე მეტად დაზარალდა ჯეფ ბეზოსი, რომელმაც $9,8 მილიარდი დაკარგა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება $8,4 მილიარდით შემცირდა. მარკ ცუკერბერგს, ლარი პეიჯს, სერგეი ბრინს და სტივ ბალმერს $4 მილიარდზე მეტი მოაკლდა, ხოლო უორენ ბაფეტმა და ბილ გეითსმა $3,4 და $2,8 მილიარდი დაკარგეს. 

მთლიანობაში, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით $1,2 ტრილიონით ნაკლებია. 

უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეში $256 მილიარდიანი ქონებით არის ილონ მასკი, მას $150 მილიარდით მოსდევს ჯეფ ბეზოსი, მესამე ადგილზე კი ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანია, რომელიც ბეზოსს მხოლოდ $3 მილიარდით ჩამორჩება. მან დროის მოკლე პერიოდში უკან მოიტოვა ისეთი მილიარდერები, როგორებიც არიან ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი. 

მილიარდერების ყოველდღიური ზარალი ასახავს ინფლაციის მონაცემების აშშ-ის საფონდო ბაზარზე გავლენას. ინვესტორები ფიქრობენ, რომ მაღალი ინფლაციის ფონზე, ფედერალური სარეზერვო სისტემა მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ვაჭრობის შედეგად რიგი აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა. S&P 500-ის ინდექსმა 4,4%-ით იკლო, რაც 2020 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. ასევე, 2020 წლის მარტის შემდეგ უდიდესი ვარდნა აჩვენა Nasdaq 100 ინდექსმა, რომელიც 5,5%-ით დაეცა.  

გასულ თვეში, ამერიკელი მილიარდერების იმავე ჯგუფმა ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის რვაწუთიანი გამოსვლის შემდეგ ერთ დღეში $78 მილიარდი დაკარგა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნურ დაიანა მუსტაკი