LIVE

„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის პირველ ნახევარში ₾161 მილიონის მოგება მიიღო

15 აგვ 202217:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 523
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის პირველ ნახევარში ₾161 მილიონის მოგება მიიღო

„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წლის პირველ ნახევარში რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანია ავრცელებს. „საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, საოპერაციო შემოსავლები, რომელიც 12%-ით გაიზარდა, 311 მილიონი ლარი იყო.

„წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 59 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად განპირობებულია 2021 წლის რეფინანსირების შედეგად შემცირებული საპროცენტო ხარჯითა და ლარის გამყარებით დოლართან მიმართებაში.

ასევე გაუმჯობესდა ლიკვიდურობის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის ბალანსზე 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებული ფულადი სახსრები 252 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს - 68 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის არსებულ ფულად სახსრებს - 40 მილიონი ლარით აღემატება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

რაც შეეხება თანამშრომლების ხელფასებსა და სხვა ხარჯებს, კომპანიის განმარტებით, მათი ჯამური მაჩვენებელი 97 მილიონი ლარია.  

შეგახსენებთ, „საქართველოს რკინიგზამ“ გასული წელი ზარალით დაიწყო და 2021 წლის პირველ 6 თვეში 32 მილიონი ლარის ზარალზე გავიდა, თუმცა საბოლოოდ წელი 52.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა

2016 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საპარტნიორო ფონდია, წელი ზარალის გარეშე დახურა. 

„საქართველოს რკინიგზის“ მოგება/ზარალი წლების მიხედვით ასეთია:

  • 2016 წელი - მოგება ₾65.1 მლნ;
  • 2017 წელი - ზარალი ₾354.1 მლნ;
  • 2018 წელი - ზარალი ₾716.5 მლნ;
  • 2019 წელი  - ზარალი ₾5.5 მლნ;
  • 2020 წელი - ზარალი ₾164.6 მლნ;
  • 2021 წელი - მოგება ₾52.7 მლნ.