
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს კიდევ შეამცირებენ. მისი განმარტებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იმპორტიორებს უკვე შეხვდნენ.
„ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა ფასები 10-10 თეთრით დააკლეს. ისინი შეგვპირდნენ, რომ აგვისტოს ბოლომდე ფასებს კიდევ დააკლებენ, ჯამში 20-30 თეთრით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლაცის ფასები დაკლებულია, ჯერ კიდევ არის განცდა, რომ ეს საწვავის ფასებზე შესაბამისად არ აისახა.
„აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე დაკლებულია, ჯერ კიდევ გვაქვს იმის განცდა, რომ შესაბამისად არ პოვა ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა ფასების პროპორციულად დაკლება. ამიტომ, საჭიროა, საწვავის იმპორტიორებთან მუშაობა გავააქტიუროთ.
კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით მივმართე, რომ დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმოს იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი კონკურენციის წესებს და ხომ არ არის რაიმე გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ აპრილში აცხადებდა, რომ საწვავი მალე გაიაფდებოდა. მან იმპორტიორებს ფასის კორექტირებისკენ არაერთხელ მოუწოდა და საკითხის შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.
თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აცხადებდა, რომ საწვავი აგვისტოს დასაწყისიდან გაიაფდებოდა.
კონკურენციის სააგენტოს საწვავის ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად, გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.