LIVE

საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი - ლექვინაძე

28 ივლ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1226

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოში საწვავის გაიაფება აგვისტოს დასაწყისიდანაა მოსალოდნელი.

მისი განმარტებით, მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასები იყო, რისი გავლენაცაა საქართველოში საწვავის ბაზარზე დღევანდელი ფასწარმოქმნა.

„მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებიდან და ფასებიდან გამომდინარე, ასევე ლარის კურსის დინამიკის გათვალისწინებით, რომელიც გამყარების ტენდენციას აჩვენებს, ჩვენი მოლოდინია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში გარკვეულწილად შემცირების ტენდენცია საცალო ფასებზეც უნდა აისახოს. 

მთლიანობაში რომ შევხედოთ 2022 წლის 6 თვეს, საწვავის მსოფლიო ფასი დაახლოებით 35%-იანი მაჩვენებლით გვაქვს გაზრდილი. კურსის გამყარება სადღაც 8%-ის ფარგლებშია, შესაბამისად, გვაქვს ის ფასები, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე და თუ დავაკვირდებით ანალოგებს იმ მთავარ ევროპულ ქვეყნებთან, საიდანაც საქართველოში საწვავის იმპორტი ხორციელდება, მეტ-ნაკლები პროპორციით, გამონაკლისი იყო აპრილი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამ ფასების ტენდენცია ერთმანეთს მიყვება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.  

შეგახსენებთ, კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მონიტორინგი პრემიერის დავალებით დაიწყო და შუალედური ანგარიში 16 მაისს გაასაჯაროვა. ანგარიშის თანახმად, გლობალურად საწვავის გაიაფებისა და ლარის გამყარების პარალელურად, საქართველოში მარტის ბოლოდან გაიაფებული საწვავის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა, რაც საწვავის ადგილობრივ ფასზე არ აისახა.