LIVE

ღარიბაშვილი: მოლოდინი მაქვს რომ საწვავი მალე გაიაფდება

11 აპრ 202211:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1080
ღარიბაშვილი: მოლოდინი მაქვს რომ საწვავი მალე გაიაფდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის გაიაფება დაიწყო და მოლოდინი აქვს, რომ ძალიან მალე საწვავის გაიაფების პროცესი საქართველოშიც დაიწყება. საწვავის ფასის კორექტირებისკენ ღარიბაშვილმა ადგილობრივ იმპორტიორებს დღეს მთავრობის სხდომაზეც მოუწოდა.

„უკრაინაში ომის დაწყების  შემდეგ იყო შოკური მდგომარეობა მსოფლიოს საწვავის ბაზარზე, თითქმის 70%-ით გაიზარდა ფასები. ვინაიდან ჩვენ ვართ იმპორტიორები ფასები აქაც გაიზარდა. ამას დაემატა ლარიც გაუფასურებაც და საკმაოდ რთული სიტუაცია მივიღეთ. მას შემდეგ, რაც მოვახდინეთ ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე ლარი დასტაბილურდა. ეკონომიკაში გვაქვს პოზიტიური მოლოდინი.

ბოლო ინფორმაციით, ნავთობის ფასები, მსოფლიო ბაზარზე შედარებით შემცირებულია, 95 დოლარზეა ჩამოსული და ლარიც გამყარებულია დოლართან მიმართებაში. ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, ძვირფასო მეგობრებო და საწვავის იმპორტიორებო, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას. ვიცი, რომ არსებობს ამის თაობაზე მოლოდინი, რომ ძალიან მალე საწვავზე ფასებიც შემცირდება საქართველოში და რაც მალე დაიწყება ეს პროცესი, უკეთესი იქნება. ვიცი, რომ დაიწყეს სხვა ჯგუფებმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანაც. ჩვენ აქაც უნდა გავხსნათ პროცესი, როგორც მედიკამენტების შემთხვევაში გავაკეთეთ, ყველას უნდა მიეცეს საშუალება, შემოიტანოს ნავთობი და საწვავი, რათა მეტი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში საწვავის იმპორტიორთა რაოდენობა საქართველოში 10-მდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას ბაზარზე.