
დღეიდან მოსკოვის ბირჟა სავალო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საშუალებას მისცემს ინვესტორებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ. ნაბიჯი უკრაინაში შეჭრის შემდეგ თითქმის ექვსთვიან გაყინვას დაასრულებს.
სიახლე არ გავრცელდება ინვესტორებზე „არამეგობრული“ ქვეყნებიდან, რომლებიც კვლავ ექვემდებარებიან კაპიტალის კონტროლს. ზომები უცხოელების მიერ ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების გაყიდვას და გადახდების მიღებას კრძალავს.
ცნობისთვის, ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კანადასა და იაპონიას მოიცავს, გასული წლის მონაცემებით, რუსეთში პორტფელის მთლიანი ინვესტიციების დაახლოებით 90%-ს შეადგენდა.
ნაბიჯი უახლესი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი მტრებსა და მეგობრებს სულ უფრო მკაცრი ხაზით მიჯნავს ერთმანეთისგან.
მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზოგიერთ უცხოურ ბანკს და ენერგეტიკულ კომპანიებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა. ასევე, რუსეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა შესაძლოა ახლა ინვესტიცია განახორციელოს ისეთი ქვეყნების ვალუტებში, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი. ეს მას შემდეგ, რაც სანქციებმა ქვეყანას ევროსა და დოლარის შესყიდვები დაუბლოკა.
გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს შიდა ბაზრის ნაწილობრივი გახსნა ინვესტორებზე მტრულად განწყობილი იურისდიქციებიდან, რომლებიც ადგილობრივი ვალუტის ვალების ჰოლდინგების მოშორებას გეგმავენ. Abrdn-ის ფონდის მენეჯერის ვიქტორ საბოს თქმით, ახლაც კი, ინვესტორებს შეუძლიათ გაყიდონ ჰოლდინგები, მაგრამ დაბალ ფასებში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია