LIVE

9 თვეში სილქნეტის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და ₾126.7 მილიონია

11 იან 202418:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
9 თვეში სილქნეტის წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და ₾126.7 მილიონია

2023 წლის 9 თვეში „სილქნეტის“ წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და თანხამ 126.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 89.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, გასული წლის იანვარ-სექტემბერში, „სილქნეტის“ შემოსავლები წლიურად 14.9%-ით, 397.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, რომლებმაც შესაბამისად 27.6%-ითა და 18.6%-ით მოიმატა.  

ამასთან, წლიურად მცირედით, 4.2%-ით, გაიზარდა ხარჯები. შედეგად, 2023 წლის 9 თვეში EBITDA (მოგება პროცენტის, მოგების გადასახადის, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვამდე) მარჟამ რეკორდულად მაღალ 64.5%-იან მაჩვენებელს მიაღწია.

„ჩვენი პროგნოზით, 2023 წლისთვის შემოსავლები ₾530.2 მლნ-ს მიაღწევს, რაც წლიურად 12.1%-იანი ზრდაა“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

ანგარიშის თანახმად, „სილქნეტი“ ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს. აბონენტების კუთხით, კომპანიის ბაზრის წილი ყველა ძირითად სეგმენტში გაუმჯობესდა, ხოლო შემოსავლების მხრივ ბაზრის წილი გაიზარდა მობილური სერვისებისა და ტელევიზიის სეგმენტებში.

2023 წლის 9 თვეში „სილქნეტს“ ეკავა მობილური სეგმენტის შემოსავლების 34.9%, ფიქსირებული ინტერნეტის შემოსავლების - 33.6% და ტელევიზიის შემოსავლების - 37.3%.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რაც კომპანიისა და ზოგადად ტელეკომ სექტორის შემოსავლების ზრდას ასტიმულირებს, გაძვირებული ტარიფებია. კომუნიკაციების კომისიის საცალო ტარიფის რეგულირებიდან გამოსვლის შემდეგ, მობილურ ოპერატორებს ფასების გაზრდის საშუალება მიეცათ. „სილქნეტმა“ მომსახურება გააძვირა 2022 წლის თებერვალში, ხოლო მეორედ - ივლისში. კომპანიამ არა მხოლოდ მობილური სერვისების, არამედ ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების ფასიც გაზარდა.