LIVE

კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს

05 ივლ 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 4808
კომუნიკაციების კომისია „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებს

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ ტარიფების ზრდას თვალყურს ადევნებენ.

კომისიის თანახმად, იგეგმება კვლევა, რომლის ფარგლებშიც ქართული ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფები ევროპის ქვეყნებთან შედარდება და შეფასდება ფასების ადეკვატურობა, ასევე ხელმისაწვდომობა.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიების მიერ ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით ზომებს სწორედ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიიღებენ.

„კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ ბაზარზე შეთავაზებული მომსახურებების პირობების ცვლილებას თვალყურს ადევნებს და აანალიზებს ბაზრის დინამიკას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად კომისია კანონით განსაზღვრულ ყველა საჭირო ზომას მიმართავს. შპს „მაგთიკომისა“ და სს „სილქნეტის“ მხრიდან გასულ კვირას დაანონსებულ ტარიფების ცვლილებასაც კომისია დააკვირდება და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს შესაბამის ქმედებებს. კერძოდ, კომისია ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნევს ჩაატაროს საქართველოში ტელეკომ ოპერატორების მიერ შეთავაზებული ტარიფების ევროპის ქვეყნებში არსებულ ტარიფებთან შედარებითი ანალიზი, ე.წ ბენჩმარკინგის კვლევა. ბენჩმარკინგის კვლევა გულისხმობს დროის ერთსა და იმავე პერიოდში მობილური და ფიქსირებული მომსახურებების შესაბამისი სამომხმარებლო კალათების ფასების შედარებას. კვლევის შედეგები კომისიას შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს ბაზარზე არსებული ფასების ადეკვატურობა შეთავაზებულ პირობებთან მიმართებაში და სამომხმარებლო ტარიფების ხელმისაწვდომობა ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

ანალოგიური კვლევა კომისიამ 2020 წელს კომპანია „Strategy Analytics“-ის დახმარებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფასების შედარებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩაატარა“,- განუცხადეს კომისიაში "ბიზნეს ფორმულას".

ცნობისთვის, 27 ივლისიდან ულიმიტო მობილური ინტერნეტის ტარიფებს ზრდის “სილქნეტი”. „მაგთი“ კი ტარიფებს 3 აგვისტოდან აძვირებს. ტარიფის ცვლილება მობილურ აბონენტებთან ერთად, ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებსაც შეეხებათ.

აღსანიშნავია, რომ ტარიფები წლის დასაწყისშიც გაიზარდა. კერძოდ, თებერვალში გაძვირდა "მაგთის" მობილური ინტერნეტი - გაუქმდა ულიმიტო 25-ლარიანი პაკეტი და 10 თებერვლიდან ხელმისაწვდომია 30 ლარიანი კოქტეილი (ულიმიტო წუთები და SMS-ები, 3000 MB ინტერნეტი), ულიმიტო ინტერნეტ კვირა 2 ლარით, 7 ლარამდე გაძვირდა, ულიმიტო დღე-ღამე კი 1 ლარის ნაცვლად 1 ლარი 50 თეთრი გახდა. 28 თებერვლიდან 1 და 5 დღიან ულიმიტო ინტერნეტ პაკეტები გააძვირა "სილქნეტმაც". ამასთან, თებერვალში "ბილაინმა" სტანდარტულ სასაუბრო ტარიფი გააძვირა.

შეგახსენებთ, კომპანიებმა რიგი მიმართულებით ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი. კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ 2019 წლის 14 თებერვალს დაანონსებული ტარიფების ცვლილება შეუჩერა. 2020 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით კი 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტის გაუქმება მთლიანად შეუზღუდა, ვინაიდან კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით აღნიშნული პაკეტის გაუქმების ან გაძვირების საჭიროება არ არსებობდა. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს აღარ ჰქონდათ უფლება ტარიფების ცვლილება კომისიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე განეხორციელებინათ. თუმცა უკვე გასული წლიდან გაუქმდა სატარიფო კონტროლი და შესაბამისად ტარიფების ცვლილება მარეგულირებლის ნებართვას აღარ საჭიროებს.