LIVE
ვიდეო
22 სექ, 2023 12:16
ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ან შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია ააშენებს
409

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან, ერთი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, მეორე კი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა.

როგორც მინისტრმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას აღნიშნა, მათ ვინაობას ჯერჯერობით ვერ დაასახელებს. დავითაშვილის თქმით, კომპანიების ვინაობა მალე, კონკურსის დამთავრებისთანავე გახდება ცნობილი.  

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, ორმა ჯგუფმა დააკმაყოფილა. ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა, მეორე კი - ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კომპანიათა ჯგუფი.

გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომლებთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რომ მათი მხრიდან მივიღოთ წინადადებები. ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე და ხარისხზეა დამოკიდებული თუ ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

რაც შეეხება კომპანიების კონკრეტულ დასახელებებს, კომპანიებთან კონფიდენციალურობის შეთანხმებიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო დირექტივებიდან გამომდინარე, საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსის დასრულებამდე კონკრეტულ დასახელებებს საჯაროდ ვერ განვაცხადებთ, რადგან ეს დააზიანებს კონკურსს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება, ხოლო 49% კერძო პარტნიორის მფლობელობაში გადავა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოცხადდა. ივნისის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ 20 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება, კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

გასული წლის ნოემბერში „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ