LIVE
ვიდეო
31 ოქტ, 2022 18:20
საშა ტერნესი: არსებობს კითხვა - რამდენად მდგრადია პოზიტიური ეკონომიკური ვითარება
742

გერმანიის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, მოლოდინია, რომ საქართველოში მიმდინარე წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. თუმცა საშა ტერნესის თქმით, არსებობს კითხვები, თუ რამდენად მდგრადია აღნიშნული ეკონომიკური ზრდა.

როგორც საშა ტერნესმა „ბიზნეს ფორმულას“ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას განუცხადა, მიგრაციის გამო საქართველოში სავალუტო შემოდინებები მზარდია. თუმცა მისივე შეფასებით, არსებობს, კითხვები თუ რამდენად სტაბილური იქნება მსგავსი შემოდინებები. შესაბამისად, ტერნესი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მთავრობამ რეფორმების პროცესი გააგრძელოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამად საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და დიდი ალბათობით ეს წელი ასევე ორნიშნა ზრდით დასრულდება, რაც რეგიონის და ასევე სხვა ქვეყნებთან შედარებით ნამდვილად კარგი შედეგია. თუმცა კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რამდენად მდგრადია ეს ვითარება. არსებული რეგიონული კონფლიქტის გამო, საქართველოში სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამას არ დავკარგავთ. იქნება თუ არა ეს პოზიტიური ვითარება გრძელვადიანი თუ მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი გვექნება. თუკი ეს მოკლევადიანია, არ უნდა ვიყოთ მშვიდად, სწორედ ესაა რისკი. ამიტომ არავინ უნდა მიიღოს ეს სიტუაცია მოცემულობად და უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი მომავლისთვის მოსამზადებლად. მაგალითად, თუკი გავავლებთ პარალელს პირად ცხოვრებასთან, როდესაც ადამიანს კარგი შემოსავალი აქვს, ის აკეთებს გარკვეულ დანაზოგს და ინვესტიციებს. იგივე მიდგომა უნდა იყოს ქვეყნის შემთხვევაშიც. ეს პერიოდი რეფორმებისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ უფრო მიმზიდველები გავხდეთ ინვესტორებისთვის“, - განაცხადა საშა ტერნესმა.

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა. პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.2% იყო.

მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. პროგნოზი შეცვალა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 10%-იან ზრდას ელის, რაშიც სებ-ის შეფასებით, მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი ელის, რომ 2022 წელს რუსი და ბელარუსი მიგრანტებიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები 500 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ