LIVE

Lufthansa გაფიცვების შესაჩერებლად ხელფასებს ზრდის

05 აგვ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
Lufthansa გაფიცვების შესაჩერებლად ხელფასებს ზრდის
Alex Kraus/Bloomberg

Deutsche Lufthansa-მ და Verdi-ს პროფკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას კომპანიის 20 000 სახმელეთო თანამშრომელის ხელფასის ზრდაზე მას შემდეგ, რაც ერთდღიანმა გაფიცვამ ფრენების გაუქმება გამოიწვია.

გარიგება მოიცავს ხელფასის ყოველთვიურ ზრდას მომავალი 3 წლის განმავლობაში. სარეგისტრაციო პერსონალი მიიღებს 13.6%-დან 18.4%-მდე მეტ ანაზღაურებას, რაც მათ ინფლაციასთან გამკლავებაში დაეხმარება.

“შედეგი მოიცავს კომპენსაციას ინფლაციისთვის და რეალური ხელფასების დამატებით ზრდას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ბალანსის მიღწევა, რათა დავიცვათ თანამშრომლები მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში”, - განაცხადა Verdi-ს წამყვანმა მომლაპარაკებელმა ქრისტინ ბელემ. 

შეთანხმება შედგა გასულ თვეში სახმელეთო პერსონალის გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ, რამაც გამოიწვია ასობით ფრენის გაუქმება ფრანკფურტსა და მიუნხენში. კომპანიამ განაცხადა, რომ გაფიცვა დაახლოებით 35 მილიონი ევრო ($35,8 მილიონი) დაუჯდა.

ავიაკომპანიის ადამიანური რესურსების საბჭოს წევრი მაიკლ ნიგემანი მიესალმა “კარგ გადაწყვეტილებას” და გაიმეორა, რომ ავიაკომპანიას შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას პილოტებთან და ბორტგამცილებლებთან, რომლებიც ასევე ითხოვენ ხელფასების ზრდას სამომხმარებლო ფასების ზეწოლის კომპენსირების მიზნით.

Lufthansa-ს შესაძლოა კიდევ შეექმნას შემდგომი პრობლემები, თუ ვერ შეძლებს ანაზღაურების თაობაზე მოლაპარაკებას პილოტთა კავშირთან. წევრებმა უკვე მისცეს ხმა გაფიცვის სასარგებლოდ, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ თარიღი. ევროპის უდიდეს ავიაკომპანიაში პილოტების გაფიცვა გაამძაფრებს კონტინენტის ზაფხულის სამოგზაურო ქაოსს, რადგან აეროპორტები და ავიაკომპანიები იბრძვიან, გაუმკლავდნენ ჯავშნების ზრდას პანდემიით გამოწვეული შენელების შემდეგ.

გერმანიაში მზარდი ინფლაცია აიძულებს დასაქმებულებს, მოითხოვონ ხელფასის გაზრდა, რაც რამდენიმე სექტორში გაფიცვების რისკს ზრდის. Lufthansa-ს პილოტები მოითხოვენ ანაზღაურების გაზრდას სამომხმარებლო ფასების თითქმის ორნიშნა მატების ასანაზღაურებლად.

აღმასრულებელ დირექტორი კარსტენ სპორი პირობას დებს, რომ 2024 წლისთვის ავიაკომპანიის მოგების მარჟას სულ მცირე 8%-მდე გაზრდის, რაც, მისი თქმით, აუცილებელია ვალების შესამცირებლად. დასაქმებულების წარმომადგენლებთან დავებმა და ანაზღაურების შეღავათებმა შესაძლოა შეაფერხოს ამ მიზნების მიღწევა, რადგან კომპანია ცდილობს, დააბალანსოს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის საჭიროება ხარჯების შემცირების სურვილთან.

თუმცა, ავიაკომპანიამ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ დაუბრუნდა მომგებიანობას მეორე კვარტალში, მოგზაურობის გაზრდილი მოთხოვნის წყალობით, რამაც აიძულა სექტორი, გაეზარდა ტარიფები და შეეზღუდა ადგილები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იენ როჯერსი და უილიამ უილკსი