LIVE

Lufthansa ფრანკფურტიდან და მიუნხენიდან ფრენებს აუქმებს

26 ივლ 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 814
Lufthansa ფრანკფურტიდან და მიუნხენიდან ფრენებს აუქმებს

Lufthansa სახმელეთო ეკიპაჟის გაფიცვის გამო, ფრანკფურტიდან და მიუნხენიდან თითქმის ყველა ფრენას აუქმებს. ევროპაში ზაფხულის მოგზაურობის სეზონზე ქაოსი კიდევ უფრო მძაფრდება.

ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია გერმანიის ორ ქალაქში 1000-ზე მეტ ფრენას აუქმებს და მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ შეფერხება შესაძლოა შაბათ-კვირასაც გაგრძელდეს.

საავიაციო ინდუსტრია კორონავირუსული პანდემიის სიღრმიდან ბრუნდება, რომელმაც ავიაკომპანიებში უზარმაზარი ზარალი გამოიწვია. თუმცა, მოგზაურობის აღდგენის პარალელურად, მგზავრები ქაოსურ სცენებს აწყდებიან აეროპორტებში, რაც პერსონალის ნაკლებობით არის გამოწვეული.

დღეს ლონდონის Heathrow-ს აეროპორტმა ასევე განაცხადა, რომ ფრენებზე შეზღუდვა შესაძლოა კიდევ ერთი წელი დარჩეს ძალაში.

მიუხედავად იმისა, რომ Lufthansa ამ დრომდე თავს არიდებდა გაფიცვებს, რომლებიც უკვე შეეხო მის კონკურენტებს, მისი პროფკავშირები უკეთესი ანაზღაურების მოთხოვნას იწყებენ. Lufthansa-ს პილოტთა კავშირის წევრები ასევე განიხილავენ გაფიცვას, ნაბიჯს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს დაგეგმილი ფრენების შემდგომ შემცირებას.

ფრანკფურტში Lufthansa-ს აქციები 0,6%-ით დაეცა. კომპანიის აქციებმა წელს ღირებულების დაახლოებით 3% დაკარგა.

მიუხედავად ამისა, ავიაკომპანიამ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მეორე კვარტალში მომგებიანობას დაუბრუნდა. ეს მოთხოვნის ზრდის დამსახურებაა, რაც სექტორს ფასების ზრდისა და ადგილების ხელმისაწვდომობის შეზღუდვისკენ უბიძგებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილიამ ვაილკსი