LIVE

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

03 აგვ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 723
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.

სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად, 190 000 მომხმარებელს სესხის პროცენტი არ შეეცვლება. პირველი ივლისის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე. 

მარეგულირებლის განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია.

„ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა შედარებით შენელდა, თუმცა კვლავ მაღალია და 11.5%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზე ნარჩუნდება და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მთლიანობაში, ამ ფაქტორების გავლენით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების - თუმცა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელი ტემპით - ტენდენცია ექნება და, სხვა თანაბარ პირობებში, ის მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მარეგულირებლის შეფასებით, ინფლაციის უფრო სწრაფად შემცირებას მზარდი ერთობლივი მოთხოვნა აფერხებს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი მაღალ მოხმარებას შეაქვს.

„ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა. წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი“, - აღნიშნავენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია.

„ეს ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9%-ზე პროგნოზირებს“, - აცხადებენ სებ-ში.

მარეგულირებლის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. სებ-ის ინფორმაციით, თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 22 ივნისის სხდომაზეც არ გაზარდა და უცვლელად 11%-ზე დატოვა.

უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს. საქსტატის მონაცემებით, ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა.