LIVE

ევროზონაში ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია

29 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
ევროზონაში ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია

ევროზონაში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს კიდევ ერთხელ მიაღწია. სამომხმარებლო ფასები ივლისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,9%-ით გაიზარდა. საბაზო ინფლაციამ, ენერგიისა და სურსათის გამოკლებით, ასევე რეკორდულ 4%-ს მიაღწია. 

ეს აძლიერებს ევროპის ცენტრალურ ბანკის (ECB) გადაწყვეტილებას, 2011 წლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის პირველი ზრდის შესახებ.

ინფლაციის მაჩვენებელმა გადააჭარბა Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა მოლოდინებს, რომლებმაც 8,7%-იანი წლიური ინფლაცია ივარაუდეს.

ზოგიერთი კომპანია ნახულობს მოგებას ფასების ზრდის მიუხედავად: ძვირადღირებული მანქანების მწარმოებელი Mercedes-Benz-ი და გადამზიდავი კომპანია Hapag-Lloyd-ი აფიქსირებენ უფრო მაღალ მოგებას. თუმცა, გასულ კვირას გერმანიის მთავრობამ ბუნებრივ აირზე გაზრდილი ფასების გამო Uniper-ი გადაარჩინა.

ECB-ის ივლისის შეხვედრის შემდეგ საუბრისას, მმართველი საბჭოს წევრმა მარტიშ კაზაკმა მოითხოვა განაკვეთის “ძალიან მნიშვნელოვანი” ზრდა, როდესაც ოფიციალური პირები შეიკრიბებიან რეფინანსირების განაკვეთის დასადგენად სექტემბერში. 

მონეტარული პოლიტიკის გარდა, სავალუტო ბლოკის 19 ქვეყნის მთავრობებმა მილიარდობით ევრო გამოყვეს ოჯახების მხარდასაჭერად. თუმცა, ამის მიუხედავად, საფრანგეთმა და ესპანეთმა კვლავ დაამყარეს ინფლაციის რეკორდები მიმდინარე თვეში. 

იტალიის ცენტრალური ბანკის მმართველმა, იგნაციო ვისკომ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია გადაწყვეტილების მიღება მომავალი განაკვეთის ზრდის ზუსტი ოდენობის შესახებ. რუსული ენერგომომარაგების საფრთხე აძლიერებს რეცესიის შიშებს და ანალიტიკოსებსა და ტრეიდერებს უჩენს სესხის აღების გაზრდილი ხარჯების მოლოდინს.

რეგიონში საპირისპირო სიგნალები მართლაც მძაფრდება. S&P Global-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მწარმოებლები აფიქსირებენ მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას, ხოლო მაღალი ფასები აფერხებს მომსახურების სექტორის აქტივობას.

JPMorgan-ი და Goldman Sachs-ი არიან მსხვილ ბანკებს შორის, რომლებიც პროგნოზირებენ რეცესიას. თუმცა, როგორ იმოქმედებს ეს ინფლაციაზე, გაურკვეველია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაროლინ ლუკი