LIVE

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა ერთ კვირაში განახლდეს

27 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა ერთ კვირაში განახლდეს

თურქეთმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა ერთ კვირაში განახლდეს და წლის ბოლომდე 25 მილიონ ტონას მიაღწიოს. თუმცა, ზუსტად როდის დაიწყება რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებული ექსპორტი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინის პორტებში ომის დაწყებიდან 100-მდე გემი გაიჭედა, რომლითაც მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გადაჰქონდათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პირველ გადაადგილებას რამდენიმე დღეში ელის.

თუმცა, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესმდივნის იბრაჰიმ კალინის პროგნოზი დეკემბრამდე ექსპორტთან დაკავშირებით შესაძლოა გამოწვევა იყოს. ანალიტიკური ფირმა UkrAgroConsult-ის მიხედვით, შავი ზღვის პორტების, ოდესას, ჩორნომორსკის და პივდენნის მაქსიმალური კომბინირებული სიმძლავრე თვეში 3,5 მილიონი ტონაა.

თურქეთი ასევე გახსნის ერთობლივ ოპერაციულ ცენტრს უკრაინასთან, რუსეთთან და გაეროსთან ვაჭრობის კოორდინაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის დარტყმამ ოდესაზე ეჭვი გააჩინა მოსკოვის შეთანხმებისადმი ერთგულების შესახებ, თუმცა კალინმა ეს ვარაუდები უარყო. მოგვიანებით გაერომ განაცხადა, რომ ყველა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა განზრახვა, რომ შეთანხმებამ იმუშაოს.

NATO-ს წევრი თურქეთი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. კომპანიამ, რომელსაც ერდოღანის სიძე ხელმძღვანელობს, ქვეყანას სამხედროების გასაძლიერებლად ათობით შეიარაღებული დრონი მიაწოდა. თუმცა, ანკარა მაინც თავს იკავებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობისგან, ხოლო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომუნიკაციის ხაზებს ღიად ინარჩუნებს.

ცნობისთვის, მოსკოვმა გასულ წელს თურქეთის ნედლი ნავთობის იმპორტის მეოთხედი, ხოლო ბუნებრივი აირის შესყიდვების დაახლოებით 45% უზრუნველყო.

ამასთან, ორივე ქვეყანა გეოპოლიტიკურ აურზაურშია ჩართული, მათ შორის სირიისა და ლიბიის ომებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფირატ კოზოკი