LIVE

რეცესიის მოლოდინის გამო ევროზონის ეკონომიკური აქტივობა შემცირდა

23 ივლ 202217:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 771
რეცესიის მოლოდინის გამო ევროზონის ეკონომიკური აქტივობა შემცირდა

პირველად 2021 წლის ლოქდაუნის შემდეგ, ევროზონაში კერძო სექტორის აქტივობა შემცირდა.

S&P Global-ის მიერ ჩატარებული შესყიდვების მენეჯერების გამოკითხვის თანახმად, აქტივობა 17 თვის მინიმუმამდე დაეცა. კლება გამოწვეული იყო წარმოების გაუარესებით და მომსახურების სექტორის ზრდის თითქმის შეჩერებით. ეკონომისტები ზომიერ ზრდას ელოდნენ.

“ახალი შეკვეთებისა და სამუშაოს შემცირება ბიზნესის ნეგატიურ მოლოდინებთან ერთად, იმაზე მეტყველებს, რომ კლების ტემპი კიდევ უფრო იზრდება. ყველაზე შემაშფოთებელია წარმოების მძიმე მდგომარეობა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ მოსალოდნელზე სუსტმა გაყიდვებმა გამოიწვია გაუყიდავი მარაგის უპრეცედენტო ზრდა”, - ამბობს კრის უილიამსონი, S&P Global-ის ეკონომისტი. 

მონაცემები ხაზს უსვამს ევროზონის ეკონომიკის დაუცველობას, რომელიც ამჟამად სტიმულის დაკარგვის წინაშე დგას ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ რეფინანსირების განაკვეთის ნახევარი პუნქტით გაზრდის შემდეგ.

“გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილებები ნიშნავს ეკონომიკური ზრდის შენელებას გაძვირებული სესხებისა და დაკარგული სამუშაო ადგილების გამო, მაგრამ ფასების ძალიან სწრაფად მუდმივი ზრდის შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება”, - განაცხადა ECB-ის მმართველი საბჭოს წევრმა, მადის მიულერმა.

შენელებული ზრდის ნიშნები ამყარებს იმ ეკონომისტების პოზიციებს, რომლებიც ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ. შეშფოთების მთავარი საკითხი ენერგორესურსების მიწოდებაა, რადგან რუსეთი წყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას დასავლეთის სანქციების საპასუხოდ.

ECB-ის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ფასების ზრდის მოლოდინის თავიდან აცილება, თუმცა აღიარა, რომ ეკონომიკა სუსტდება. 

ECB-ის მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოკითხულმა ექსპერტებმა მომავალი წლის ზრდის პერსპექტივა 2,3%-დან 1,5%-მდე შეამცირეს და გრძელვადიანი ინფლაციის შეფასება 2.2%-მდე გაზარდეს.

კომპანიები ამცირებენ პერსპექტივებს, ზღუდავენ შესყიდვებს და აჩერებენ დაქირავებას. წარმოება სავარაუდოდ შემცირდება, რადგან კომპანიები სუსტი მიწოდების გარემოსთან ადაპტირდებიან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კეროლინ ლუკი