LIVE

Heathrow-ს აეროპორტი მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტს აწესებს

13 ივლ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
Heathrow-ს აეროპორტი მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტს აწესებს

ლონდონის Heathrow-ს აეროპორტი მგზავრების ყოველდღიურ გადაადგილებაზე 2-თვიან შეზღუდვებს აწესებს. ეს დიდი ბრიტანეთის ყველაზე დატვირთული აეროპორტის პასუხია ფრენების ქაოსზე, რომელმაც ევროპული ავიახაზები მოიცვა და მოთხოვნის ზრდაზე, რომელსაც სახმელეთო ეკიპაჟი ვეღარ უმკლავდება.

აეროპორტი 11 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღიურ ტრაფიკს 100,000 მიმავალ ადამიანამდე შეზღუდავს და სთხოვს ავიაკომპანიებს, თავი შეიკავონ საზაფხულო ბილეთების გაყიდვისაგან. ამჟამინდელი პროგნოზები ზაფხულის განმავლობაში დღეში 104,000 მგზავრზეა მოდელირებული, რაც უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიამდელი 125,000 დღიური მიმავალი მგზავრი.

ნაბიჯი Heathrow-ს აეროპორტში პერსონალის ნაკლებობას უკავშირდება. პანდემიის დროს ინდუსტრიის არაერთმა დასაქმებულმა დატოვა სამსახური, რამაც მიმდინარე ეტაპზე, მოგზაურობაზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, შეფერხებები გამოიწვია.

ბილეთების ფასებისა და ფრენების გაუქმების მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპა არეულობის ეპიცენტრია. პარალელურად, აზიის მოგზაურობის ინდუსტრია კვლავ Covid-19-ის ნავიგაციის პროცესშია, ხოლო აშშ პილოტების ნაკლებობას განიცდის. ზოგიერთმა ავიახაზებმა სიტუაციას უკვე უპასუხეს, British Airways-მა ზაფხულის სეზონისთვის ფრენების ნაწილი გააუქმა. Heathrow-მ განაცხადა, რომ 4000 ჭარბი ყოველდღიური ადგილიდან ამჟამად მხოლოდ 1500-ია გაყიდული.

აეროპორტში დამატებით ქაოსს იწვევს ისიც, რომ მგზავრები განსაკუთრებით ადრე მიდიან. Heathrow-მ მომხმარებლებს სთხოვა ფრენამდე 3 საათზე ადრე აეროპორტში არ მივიდნენ.

ტევადობის შეზღუდვამ მთელ ევროპაში ასევე გამოიწვია ბილეთების ფასების ზრდა. Lufthansa-მ განაცხადა, რომ მომხმარებლებს ივლისის თვეში ადგილებს მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებულ კლასში შესთავაზებს, რადგან კომპანია ახალ შეზღუდვებს უმკლავდება. ნაბიჯმა ლონდონსა და ფრანკფურტს შორის ყველაზე იაფი ორმხრივი ფრენების ფასი $1017-მდე გაზარდა.

საავიაციო ანალიტიკური ფირმა Cirium-ის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში, ქვეყნიდან ბოლო წუთებში ფრენების გაუქმების მაჩვენებელი ივნისში თითქმის სამჯერ გაიზარდა 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით. ეს მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიების მიერ შესრულებული ფრენები ნაკლები იყო.

პერსონალის დეფიციტი ასევე გამწვავდა გაფიცვებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკანდინავია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. Lufthansa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კარსტენ სპორმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ გამოსწორდება. მისი თქმით, სერვისი ზამთრის პერიოდისთვის დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტ ვიკრამ ფილიპი