LIVE

აბრამოვიჩმა აშშ-ში იურიდიული ფირმა დაიქირავა

08 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 692
აბრამოვიჩმა აშშ-ში იურიდიული ფირმა დაიქირავა

რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ორი თვითმფრინავის ჩამორთმევის შესახებ აშშ-ის ორდერის გასაჩივრებას აპირებს და ამ მიზნით, მან ამერიკული იურიდიული ფირმა Kobre & Kim დაიქირავა.

Kobre და მისი ორი ადვოკატი, მაიკლ კიმი და მაიკლ შერვინი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აბრამოვიჩის წარმომადგენლებად დარეგისტრირდნენ.  

აგენტების რეგისტრაციის აქტის მიხედვით, ადვოკატები მომსახურებისთვის საათში $875-დან $1,450-მდე მიიღებენ. 

აშშ-ის ხელისუფლება რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევის გამო ადანაშაულებს. სანქციების გათვალისწინებით, მას თვითმფრინავების გასაყვანად სჭირდებოდა სპეციალური ნებართვა, რაც არ ჰქონია.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ორი თვითმფრინავის კონფისკაციის ორდერი გასულ თვეში გაიცა. შეერთებული შტატების შეფასებით, Boeing 787-8 Dreamliner-ის ღირებულება $350 მილიონს შეადგენდა, Gulfstream G650ER-ის ფასი კი $60 მილიონია. 

რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს, რომელსაც დიდი ხანია ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირი აქვს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა. აბრამოვიჩი კრემლთან ფინანსურ კავშირს უარყოფს. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია რუსეთში. ზეწოლის გამო, აბრამოვიჩი წელს იძულებული გახდა, გაეყიდა საფეხბურთო კლუბი Chelsea.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს არაფორმალური შუამავლის როლის გამო, 55 წლის რუსმა მილიარდერმა მოახერხა, რომ აშშ-ის სანქციებისთვის თავი დაეღწია. მოლაპარაკებებში ის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით ჩაერთო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დევიდ ვორეაკოსი და სტეფანი ბეიკერი