LIVE

ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების ახალი რაუნდი დაამტკიცა

15 მარ 202216:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 859
ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების ახალი რაუნდი დაამტკიცა

ევროკავშირმა დღეს ოფიციალურად დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების, ფუფუნების საქონლის ექსპორტის და რუსეთიდან ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვას. ასევე, იზრდება იმ ბიზნეს ლიდერების რიცხვი, რომელთა აქტივები რუსეთის სახელმწიფოს მხარდაჭერის გამო, გაიყინება. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი. 

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები მოიცავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ახალი ინვესტიციების აკრძალვას, რაც დარტყმა იქნება ნავთობის დიდ მწარმოებლებისთვის, როგორიცაა Rosneft, Transneft და და Gazprom, თუმცა Reuters-ი წერს, რომ ევროკავშირის წევრები კვლავ შეძლებენ მათგან ნავთობისა და გაზის ყიდვას.

ასევე, ახალი სანქციების თანახმად, სრულად იკრძალება ტრანზაქციები ზოგიერთ რუსულ სახელმწიფო საწარმოსთან, რომლებიც დაკავშირებულია კრემლის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან. 

ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს ასევე აღარ ექნებათ 300 ევროზე მეტი ღირებულების მქონე ფუფუნების საქონლის ექსპორტის უფლება, მათ შორის აკრძალვა ეხება სამკაულს. ევროკავშირის წყაროების თქმით, აიკრძალება 50 000 ევროზე მეტი ღირებულების მქონე მანქანების ექსპორტიც. 

პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის საკრედიტო რეიტინგის სააგენტოებს რუსეთისთვის და რუსული კომპანიებისთვის რეიტინგების გაცემას, რაც კომისიის შეფასებით, რუსულ კომპანიებს ევროპის ფინანსურ ბაზრებზე წვდომას კიდევ უფრო შეუზღუდავს. 

ევროკავშირი დღეს ასევე შეთანხმდა, რომ რუსეთს უნდა მოეხსნას "უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი" (MFN), რაც შესაძლებელს გახდის რუსულ საქონელზე დაწესდეს სადამსჯელო ტარიფები ან აიკრძალოს იმპორტი. 

სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, დღეს მოგვიანებით ამოქმედდება. 

დღევანდელ სანქციებს წინ უძღოდა, უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთისთვის სადამსჯელო ზომების სამ რაუნდი, რომელიც მოიცავდა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას და ზოგიერთი რუსული და ბელარუსული ბანკის SWIFT საბანკო სისტემიდან გათიშვას.

დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა დიდმა ბრიტანეთმაც. ის რუსეთიდან ფუფუნების საგნების ექსპორტს კრძალავს. ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა 900 მილიონი ფუნტის ღირებულების საქონლის საწყისი სია, მათ შორისაა არაყი, რაზეც არსებული სავაჭრო ტარიფები 35%-ით გაიზრდება.