LIVE

ნავთობი გაიაფდა - ბარელი $103 ღირს

06 ივლ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1377
ნავთობი გაიაფდა - ბარელი $103 ღირს

ნავთობის ფასი შემცირდა, brent-ის ფასი ბარელზე $103-ს უტოლდება. ბანკებმა, მათ შორის Goldman Sachs-მა, ფასის კლება იმით ახსნეს, რომ რეცესიის შიშის და მოთხოვნის დაზარალების მიერ გამოწვეული ვარდნა გადაჭარბებულად იყო შეფასებული. ამასთან, გაუმჯობესდა ჩინეთში ენერგიის მოხმარების პერსპექტივაც.

Goldman Sachs-ის თქმით, გლობალური მოხმარება მიწოდებას უსწრებს, ხოლო მარაგები კრიტიკულად დაბალ დონეებს უახლოვდება. თუმცა, Citigroup-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ფასები შესაძლოა ბარელზე $70-ზე დაბლა დაეცეს. განსხვავებული პროგნოზი აქვს JPMorgan-ს, რომლის ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის გლობალურმა ფასმა შესაძლოა ბარელზე $380 მიაღწიოს. 

ნავთობმა მესამე კვარტალი არასტაბილურ მდგომარეობაში გახსნა, რადგან პოტენციური რეცესიის შესახებ შეშფოთებამ ფინანსური ბაზრები შეარყია. ცენტრალური ბანკების მიერ ინფლაციის მოსათოკად საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, ინვესტორები შენელების შედეგებს აფასებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფიზიკური ბაზრები სიჯანსაღის ნიშნებს აჩვენებს.

მიმდინარე კვირაში დოლარის გამყარება საქონლისთვის ასევე შემაფერხებელი ფაქტორი იყო. აშშ-ს ვალუტის მაჩვენებელმა ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია, რაც ინვესტორებისთვის რისკისგან დისტანცირების მიზეზი გახდა. გამყარებადი დოლარი ნედლეულს, როგორიცაა ნავთობი, სხვა ვალუტის მფლობელთათვის უფრო აძვირებს.

მიუხედავად ამისა, ჩინეთში ნავთობის უკეთესი მოხმარების ნიშნები ჩანს. მსოფლიოს უდიდესი იმპორტიორი თავისუფლდება პანდემიური ჩაკეტვებისგან, რამაც თავდაპირველად მოთხოვნა შეამცირა. გასულ თვეში ქვეყნის ბენზინისა და დიზელის მთლიანმა მოხმარებამ 2019 წლის ივნისის თითქმის 90% შეადგინა.

ამავდროულად, რუსეთიდან ექსპორტის შეწყვეტის შესაძლებლობა არსებობს, რაც აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს დაემატება. რუსეთის სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმს შავი ზღვის ნავთობის ჩატვირთვის 30 დღით შეჩერება დაავალა, რაც დაღვრის პრევენციის გეგმის დარღვევამ გამოიწვია. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ეს პერიოდი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შერონ ჩო