LIVE

Goldman Sachs: ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სრულად აღდგენა ნაკლებად მოსალოდნელია

06 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 811
Goldman Sachs: ევროპაში რუსული გაზის მიწოდების სრულად აღდგენა ნაკლებად მოსალოდნელია

რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის სრული სიმძლავრით მიწოდება შესაძლოა, ამ თვეში Nord Stream-ზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგადაც არ განახლდეს. ამის შესახებ Goldman Sachs Group-მა განაცხადა. 

ტექნიკური სამუშაოების გამო, Nord Stream 1 დაიხურება 11-21 ივლისს. იმ ფონზე, რომ მოსკოვმა მილსადენის ნაკადები სიმძლავრე 40%-მდე უკვე შეამცირა, მიწოდების უფრო ხანგრძლივად შეჩერების შესახებ ნებისმიერი ნაბიჯი სერიოზულად შეუშლის ხელს ევროპის ზამთრის მარაგების შევსებას.

"მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ტექნიკური სამუშაოების შემდეგ Nord Stream 1-ის ნაკადების სრულ აღდგენას ვვარაუდობდით, ახლა ეს ნაკლებად სავარაუდოა", - აცხადებენ Goldman-ის ანალიტიკოსები.

ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში უდიდეს ენერგეტიკულ კრიზისს განიცდის. გერმანია უკვე ემზადება შემდგომი შეფერხებისთვის. გერმანიამ დაჩქარებულად მიიღო კანონი, რომელიც მას ენერგეტიკული კომპანიების გადარჩენის საშუალებას მისცემს. კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში მიმდინარე კვირაში შევა, მომხმარებლებისთვის გაზის ფასის გაზრდასაც გულისხმობს, თუმცა ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება. 

ქვეყანამ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამცირა. გასულ წელს გერმანია გაზის იმპორტის ნახევარზე მეტს რუსეთიდან იღებდა. ახლა ის უფრო მეტ თხევად გაზს ყიდულობს, ამასთან, გაზარდა ნორვეგიული საწვავის იმპორტი.

თუმცა LNG-ის იმპორტის შემთხვევაში, პრობლემაა ტერმინალის მშენებლობა, რასაც დრო სჭირდება. ასევე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილმა თანამშრომელთა გაფიცვებმა შეიძლება ნორვეგიიდან გადაზიდვები შეზღუდოს.

გუშინ საერთაშორისო ენერგიის სააგენტომ ქვეყნები გააფრთხილა, რომ, რუსეთის "არაპროგნოზირებადი ქცევის" გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, გაზის რუსული ნაკადები სრულად შეწყდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ Goldman მიწოდების სრულ შეჩერებას არ ვარაუდობს (რადგან ეს მოსკოვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოსავლებს შეამცირებს), ბანკმა მესამე კვარტლის გაზის ფიუჩერსების პროგნოზი მეგავატ საათში 104 ევროდან 153 ევრომდე გაზარდა. ყველაზე უარეს შემთხვევაში, Goldman არ გამორიცხავს, რომ ფასი 200 ევროს გადასცდეს. 

სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, Nord Stream-ზე სამუშაოების დროს, რუსეთი დანაკლისს აბალანსებდა სხვა ძირითადი მილსადენის, Yamal-Europe-ის მეშვეობით უფრო მაღალი სიმძლავრის გაზის მიწოდებით. მილსადენს, რომელიც პოლონეთისა და ბელარუსის ტერიტორიებზე გადის, Gazprom ასევე იყენებდა ევროკავშირისთვის მისაწოდებელი გაზის მარაგების შესანახად. მას შემდეგ, რაც მაისში მილსადენის მფლობელს და Gazprom-ის ყოფილ ერთეულს სანქციები დაუწესდა, ეს ვარიანტები აღარ განიხილება. 

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის, პატრიციო ალვარესის განმარტებით, თუ Nord Stream-ის გათიშვა არ გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე დაგეგმილია, ერმანია სხვა წყაროების მეშვეობით, სიტუაციას გაუმკლავდება, თუმცა მას მოუწევს, შეამციროს მარაგების შევსება და ასევე შეაჩეროს ევროკავშირში პარტნიორებთან რეექსპორტი. 

Nord Stream-ის ნაკადების გახანგრძლივებული შეწყვეტა გამოიწვევს სამრეწველო მომხმარებლების მიერ გაზის მოხმარების შემცირებას და ალტერნატიული საწვავის, მათ შორის, ნახშირის გაზრდილ მოხმარებას. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელენა მაზნევა და ვანესა დეზემი