LIVE

ტურიზმის სექტორი ₾40 მილიონის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა

04 ივლ 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 760
ტურიზმის სექტორი ₾40 მილიონის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდა

საქართველოს ტურიზმის სექტორში, ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები 2021 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

შემოსავლები სამსახურის ინფორმაციით, შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით, 40 მლნ ლარს შეადგენს.

უწყების თანახმად, აღნიშნულ ცვლილებას COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება:

  • სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები;
  • დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები;
  • რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები;
  • სასმელებით მომსახურების საქმიანობები;
  • ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.

„შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები - დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

უწყება გადასახადის გადამხდელებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

შეგახსენებთ, ტურიზმის სექტორისთვის 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოწერის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება კი მთავრობამ დღეს მიიღო.