ტურიზმის სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„შევისწავლეთ ტურისტულ სექტორში არსებული სიტუაცია და პრობლემები, რომლებიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია. ამიტომ, 2021 წლის ქონების გადასახადს სექტორი აღარ გადაიხდის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქონების გადასახადისგან ერთჯერადად გათავისუფლდება:
• სასტუმროებისა და სხვა განთავსების მსგავს საშუალებებში, ასევე დასასვენებელ და სხვა მოკლევადიან განთავსების საშუალებებში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• რესტორნებსა და საკვებით მობილურ მომსახურებაში გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• სასმელებით მომსახურების საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
საგადასახადო შეღავათი ასევე გავრცელდება იჯარით, ლიზინგით, ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება რომელიმე აღნიშნულ საქმიანობაში გამოიყენება.