LIVE

ჩინეთში აშშ-ის ელჩი პეკინს რუსული "ტყუილების" გავრცელების შეწყვეტას მოუწოდებს

04 ივლ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 794
ჩინეთში აშშ-ის ელჩი პეკინს რუსული "ტყუილების" გავრცელების შეწყვეტას მოუწოდებს

ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთის მიერ მოგონილი "ტყუილების" გავრცელება, რაც ამერიკელი დიპლომატის მიერ უჩვეულოდ პირდაპირი და საჯარო საყვედურია.

ელჩმა ნიკოლას ბერნსმა აღნიშნული განცხადება დღეს მთავრობის მიერ მხარდაჭერილ ფორუმზე მისთვის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა. მას ჰკითხეს, თუ რა შეიძლება გააკეთოს ჩინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო კრიზისის დასაძლევად. 

ბერნსმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ჩინეთისადმი მოწოდება გაიმეორა და აღნიშნა, რომ პეკინი არ უნდა დაეხმაროს მოსკოვს ომის წარმოებაში.

"იმედი მაქვს, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ნატოს აღარ დაადანაშაულებენ ომის დაწყებაში. ეს რუსული პროპაგანდაა. ვიმედოვნებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებიც შეწყვეტენ "ტყუილების" გავრცელებას ამერიკული ბიოიარაღის ლაბორატორიების შესახებ, რომლებიც უკრაინაში არ არსებობს. ეს ყველაფერი რუსეთიდან მოდის. სამწუხაროდ, ამას ჩინელები იღებენ", - განაცხადა ბერნსმა ჩინური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის მსოფლიო ფორუმზე. 

ჩინეთი აცხადებს, რომ ომს მხარს არ უჭერს და მხარეებს მოუწოდებს ბრძოლა მოლაპარაკებებით დაასრულონ. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა და სახელმწიფო მედიამ აშშ, ნატოს გაფართოების დაშვებით, რუსეთის პროვოცირებაში არაერთხელ დაადანაშაულა. 

დიპლომატებმა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებმა, ასევე გამოიყენეს ოფიციალური პლატფორმები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად, რომ აშშ აწარმოებდა ბიოლოგიურ იარაღს უკრაინაში.

სამინისტროს ერთ-ერთმა სპიკერმა ბერნსის კრიტიკა უარყო და უკრაინაში აშშ-ის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. 

ბერნსის გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჩინეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი დენისოვმა, პეკინი "გონივრული და გაწონასწორებული" მიდგომისთვის შეაქო.

ევროპული სანქციების ფონზე, რუსეთი ჩინეთის ნავთობის მთავარი წყარო გახდა - მაისში ქვეყანამ ენერგორესურსებში რუსეთს $7.47 მილიარდი გადაუხადა, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. აშშ-ის შეფასებით, ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა, უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ვიდრე ცნობილია. 

იუან-რუბლის ვაჭრობის მოცულობამ ივნისში ექვსთვიან მაქსიმუმს მიაღწია. მაისში რუსეთში ჩინეთიდან ექსპორტი 14%-ით გაიზარდა. ურთიერთობის გაღრმავება ორ ქვეყანას შორის მზარდ სავაჭრო კავშირებზე მიუთითებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია