LIVE

ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა იმაზე მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ვიდრე ცნობილია - აშშ

23 ივნ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 943
ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა იმაზე მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ვიდრე ცნობილია - აშშ

ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა უფრო მეტ რუსულ ნავთობს ყიდულობდნენ, ვიდრე აშშ-ს ინფორმაცია ჰქონდა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ეკონომიკური მრჩევლის მიხედვით, ეს შესაძლოა ამსუბუქებდეს მიწოდების შეფერხებებს გლობალურ ბაზრებზე და იწვევდეს ფასების ბოლოდროინდელ ვარდნას.

West Texas Intermediate-ის ნედლი ნავთობის ფასი მიმდინარე თვის დასაწყისში $105 დოლარამდე დაეცა $122-დან, რამაც საწვავზე ზეწოლის შემსუბუქების იმედი გააჩინა.

"ამჟამად ნავთობის ბაზრები საკმაოდ ცვალებადია. როგორც გავიგე, ნაწილობრივ ამის მიზეზი ჩინეთისა და ინდოეთის მხრიდან იმაზე მეტი რუსული ნავთობის შეძენაა, ვიდრე გვეგონა, შესაბამისად ბაზარზე მიწოდება მეტია",- განაცხადა სესილია როუზმა, ბაიდენის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ.

როუზმა საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, რომ ბენზინზე ფედერალური გადასახადი, რომელიც გალონზე 18 ცენტს შეადგენს, სამი თვით შეეჩერებინა, რათა მომხმარებლებმა გარკვეული შვება იგრძნონ. როუზი იმედოვნებს, რომ ფასების გლობალური ვარდნა მომხმარებლებს გადაეცემა, მაგრამ, მისი თქმით, გრძელვადიანი გამოწვევები რჩება.

ჯერჯერობით არ არსებობს ნიშანი, რომ კონგრესი ბაიდენის მოწოდებას შეასრულებს. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ცალკეულ შტატებს შეაჩერონ საკუთარი გადასახადები ბენზინზე, რაც ზოგიერთმა უკვე გააკეთა. გარდა ამისა, ბაიდენმა მოუწოდა ენერგეტიკულ კომპანიებს, ბენზინის სამომხმარებლო ფასებზე ნედლი ნავთობის ფასების შემცირება ასახონ.

ევროპული სანქციების ფონზე, აზიაში რუსული ნავთობის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. რუსეთი ჩინეთის ნავთობის მთავარი წყარო გახდა - მაისში ქვეყანამ ენერგორესურსებში რუსეთს $7.47 მილიარდი გადაუხადა, რაც გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ამასთან, ინდოეთი, რომელიც რუსული ნავთობის უმნიშვნელო მყიდველი იყო, ახლა ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვ