LIVE

უკრაინა თურქეთისგან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის დაკავებას ითხოვს - Reuters

02 ივლ 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
უკრაინა თურქეთისგან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის დაკავებას ითხოვს - Reuters
REUTERS/Igor Tkachenko

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინა მოითხოვს, თურქეთმა დააკავოს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც უკრაინული მარცვლეული  რუსეთის მიერ ოკუპირებული ბერდიანსკიდან გადაჰქონდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბერდიანსკში გემზე დაიტვირთა უკრაინის კუთვნილი დაახლოებით 4,500 ტონა მარცვლეული.

30 ივნისით დათარიღებულ წერილში თურქეთის იუსტიციის სამინისტროს უკრაინის გენერალური პროკურატურა წერს, რომ გემი მონაწილეობდა “უკრაინული მარცვლეულის უკანონო ექსპორტში”.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სთხოვა თურქეთს, “ჩაატაროს საზღვაო ხომალდის ინსპექტირება, ამოიღოს მარცვლეულის ნიმუშები სასამართლო ექსპერტიზისთვის, მოითხოვოს ინფორმაცია მარცვლეულის ადგილმდებარეობის შესახებ”. უკრაინა მზადაა, თურქეთთან ერთად ერთობლივი გამოძიება ჩაატაროს.

ყაზახურმა KTZ Express-მა დაუდასტურა Reuters-ს, რომ გემი მათი კომპანიის საკუთრებაშია, მაგრამ ის აღებული იყო ჩარტერით რუსული კომპანია Green-Line-ის მიერ. KTZ Express-ი აცხადებს, რომ კონსულტაციებს უწევს მონაწილე მხარეებს და დაიცავს ყველა სანქციას. 

დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვით გლობალური შიმშილობის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს და საერთაშორისო სასურსათო კრიზისის შექმნაში დასავლეთის სანქციებს ადანაშაულებს.