LIVE

თინა კანდელაკი სანქცირებულია - შეერთებული შტატების სანქციების მორიგი რაუნდი

28 ივნ 202220:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1034
თინა კანდელაკი სანქცირებულია - შეერთებული შტატების სანქციების მორიგი რაუნდი
REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

შეერთებულმა შტატებმა 100-ზე მეტ რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს ახალი სანქციები დაუწესა. აიკრძალა რუსეთში წარმოებული ოქროს იმპორტი. ნაბიჯი სრულ შესაბამისობაშია G7-ის გადაწყვეტილებებთან.

ხაზინის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, სანქციები დაუწესდა 70 იურიდიულ პირს, რომელთა ნაწილი კრიტიკულია რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის.

სადამსჯელო ზომები შეეხება 29 ფიზიკურ პირს. მათ შორის არის თინა კანდელაკი, ტელეწამყვანი, “გაზპრომ-მედიის” გენერალური დირექტორის მოადგილე.

სანქციების მიზანია ხელი შეუშალონ რუსეთის უნარს, შეიმუშაოს და განათავსოს იარაღი და ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება უკრაინაში ომისთვის.

“რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიზანში ამოღება შეამცირებს პუტინის ვარიანტებს და კიდევ უფრო გაართულებს მის ომს უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უკვე განიცდის მომარაგების ქსელის მოშლასა და ლოგისტიკის შეფერხებას”, - განაცხადა ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა.

სანქციები დაწესდა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატ Rostec-ის მიმართ. დეპარტამენტის განცხადების თანახმად, “Rostec-ის მმართველობის ქოლგა მოიცავს 800-ზე მეტ ორგანიზაციას სექტორების ფართო სპექტრში” და ყველა ორგანიზაცია, რომელთა 50% ან მეტი პირდაპირ ან ირიბად ეკუთვნის Rostec-ს, დაბლოკილია.

სანქციები შეეხო გაერთიანებულ საავიაციო კორპორაციას, რომელიც MiG-ისა და Sukhoi-ს ტიპის გამანადგურებლებს აწარმოებს. ხაზინის დეპარტამენტის თანახმად, ნაბიჯი მიზნად ისახავს “შეასუსტოს რუსეთის შესაძლებლობა, განაგრძოს საჰაერო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ”. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების და სატრანსპორტო თვითმფრინავების მწარმოებელი Tupolev-ი.

აიკრძალა რუსული წარმოშობის ოქროს იმპორტი, გარდა ოქროსა, რომელიც 28 ივნისამდე იყო რუსეთის ფარგლებს გარეთ. ოქრო კრიტიკული აქტივია რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის, რომელსაც დასავლური სანქციების გამო საზღვარგარეთ არსებულ ზოგიერთ აქტივზე წვდომა შეეზღუდა. რუსეთი ყოველწლიურად მსოფლიოში მოპოვებული ოქროს დაახლოებით 10%-ს აწარმოებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აწესებს სანქციებს რუსეთის სამხედრო შენაერთების წევრებისა და FSB-ს დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლების წინააღმდეგ. სავიზო შეზღუდვები შეეხება 500-ზე მეტ რუს ოფიცერსა და სხვა ოფიციალურ პირს.