LIVE

G7 შეთანხმდა, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გზები მოიძიოს

28 ივნ 202215:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 925
G7 შეთანხმდა, რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გზები მოიძიოს
John MacDougall/Pool via REUTERS

G7 შეთანხმდა, შეისწავლოს რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვა, რომელიც გარკვეულ დონეზე მაღალ ფასად გაიყიდება.

“ვიწვევთ ყველა თანამოაზრე ქვეყანას, განიხილონ ჩვენს ქმედებებში შემოერთების საკითხი”, - ნათქვამია G7-ის ლიდერების კომუნიკეში.

უკრაინის ომი და მისი დრამატული ეკონომიკური შედეგები, განსაკუთრებით სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდა, წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იყო.

G7 განიხილავს ფასების ზღვრის დაწესებას, რათა თავიდან აიცილოს მოსკოვის სარგებლობა უკრაინაში შეჭრით, რამაც მკვეთრად გაზარდა ენერგორესურსების ფასები.

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ექსპორტის მოცულობის შემცირების მიუხედავად, რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი მიმდინარე წლის მაისში $20 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ენერგიის ფასების ზრდამ განაპირობა.

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ზღვრის დაწესება შეამცირებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის “რესურსებს ომის საწარმოებლად და გაზრდის სტაბილურობასა და მიწოდების უსაფრთხოებას ნავთობის გლობალურ ბაზრებზე”.

G7-ის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ მოსკოვზე სანქციების გამკაცრებაზე. აიკრძალება რუსული ოქროს იმპორტი.

დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს სურთ გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ისედაც მზარდი ინფლაციის გაძლიერების გარეშე, რაც იწვევს შიდა დაძაბულობას და ზიანს აყენებს განვითარებად ქვეყნებს.

G7-ის ლიდერები შეთანხმდნენ $4,5 მილიარდის გამოყოფაზე გლობალური შიმშილის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ თანხის ნახევარზე მეტს შეერთებული შტატები გამოყოფს, რომელიც 47 ქვეყანაში შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლასა და რეგიონული ორგანიზაციების დაფინანსებას მოხმარდება.

G7 ცდილობს გააერთიანოს განვითარებადი ქვეყნები, რომელთაგან ბევრს რუსეთთან მჭიდრო კავშირი აქვს, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის შეჭრას უკრაინაში. ქვეყნების ნაწილი უფრო მეტად შეშფოთებულია სურსათის ფასების ზრდის მოსალოდნელი შედეგების გამო. ისინი დეფიციტს დასავლეთის სანქციებს აბრალებენ და არა რუსეთის შეჭრას მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელში, ასევე მისი პორტების ბლოკადას.

კითხვაზე, იპოვეს თუ არა G7-ის ლიდერებმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის საშუალება, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

დიდი შვიდეულის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ჩამოაყალიბებენ საერთაშორისო “კლიმატის კლუბს”, რომელიც ითანამშრომლოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.