LIVE

ავსტრალიის პრემიერი ჩინეთს აფრთხილებს, ისწავლოს პუტინის შეცდომებზე

28 ივნ 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 922
ავსტრალიის პრემიერი ჩინეთს აფრთხილებს, ისწავლოს პუტინის შეცდომებზე
Brendon Thorne/Bloomberg

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზა ჩინეთის მთავრობას აფრთხილებს, ისწავლოს უკრაინაში რუსეთის "სტრატეგიული მარცხის" გაკვეთილები.

ესპანეთში ნატოს სამიტზე მიმავალმა ალბანეზამ ავსტრალიურ ბიზნესგამოცემა Australian Financial Review-სთან აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა გააერთიანა დემოკრატიული ერები, განურჩევლად იმისა, არიან თუ არა ისინი ნატოს წევრები. 

კითხვაზე, თუ რა დასკვნა უნდა გამოიტანოს ჩინეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად განვითარებული მოვლენებიდან, განსაკუთრებით ტაივანთან მიმართებით მისი პოზიციის გათვალისწინებით, ალბანეზა ამბობს, რომ ომმა აჩვენა როგორი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ ქვეყნებს.

ჩინეთის მთავრობა მკაფიოდ გამოხატავს თავის სურვილს, რომ უახლოეს პერიოდში ჩინეთი და დემოკრატიული კუნძული ტაივანი გააერთიანოს. პეკინი დიდი ხანია ტაივანს განიხილავს თავის ნაწილად, მიუხედავად იმისა, რომ 70 წელზე მეტია ორივეს სხვადასხვა ხელისუფლება მართავს. 

ბოლო წლებში ჩინეთმა გააძლიერა საჰაერო და საზღვაო წვრთნები ტაივანის გარშემო, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები კუნძულის მიმართ მზარდ აგრესიად აფასებენ

ალბანეზას კომენტარები გავრცელდა მაშინ, როდესაც ავსტრალია და ჩინეთი ცდილობენ დიპლომატიური კავშირების განახლებას ავსტრალიის ახალი მთავრობის პირობებში. თუმცა ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არსებობს დიპლომატიური დაძაბულობა, რაც რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორისაა წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი, ჩინეთის მიერ ავსტრალიურ ექსპორტზე დაწესებული სადამსჯელო ზომები და ორი ცნობილი ჩინელი ავსტრალიელის დაკავება.

ესპანეთში ნატოს სამიტზე ალბანეზა შეუერთდება აზია-წყნარი ოკეანის სამი სხვა ქვეყნის: იაპონიის, სამხრეთ კორეის და ახალი ზელანდიის ლიდერებს, შემდეგ ის გაემგზავრება პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შესახვედრად. 

საფრანგეთსა და ავსტრალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაკრონის მთავრობამ ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი მოტყუებაში დაადანაშაულა, როდესაც 2021 წლის ბოლოს ავსტრალიამ წყალქვეშა ნავების შესყიდვის თაობაზე კონტრაქტს ხელი არა საფრანგეთთან, არამედ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად მოაწერა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიის ლიდერი ქვეყანაში მიიწვია, მაგრამ ჩავა თუ არა ენტონი ალბანეზა ომში მყოფ ქვეყანაში, ჯერჯერობით უცნობია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენ ვესტკოტი