LIVE

ბაიდენი: ამერიკის არმია ტაივანს ჩინეთის თავდასხმისგან დაიცავს

23 მაი 202211:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 990
ბაიდენი: ამერიკის არმია ტაივანს ჩინეთის თავდასხმისგან დაიცავს
AP Photo/Evan Vucci

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჩინეთის მხრიდან ტაივანზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის არმია კონფლიქტში ტაივანის დასაცავად ჩაერევა. ეს ყველაზე ხმამაღალი განცხადებაა, რაც კი ამერიკას ტაივანის მხარდასაჭერად გაუკეთებია. 

დღეს ტოკიოში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა აშშ მზად სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, ბაიდენმა უპასუხა: "დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ".

"ჩვენ ვთანხმდებით "ერთიანი ჩინეთის" პოლიტიკაზე, მოვაწერეთ ხელი მასზე და მასთან თანმდევ ყველა შეთანხმებაზე. მაგრამ აზრი, რომ ის შეიძლება ძალით გამოყენებით აიღონ, ეს არ არის მიზანშეწონილი. ეს გამოიწვევს გადაადგილებას მთელ რეგიონში და იქნება იმის მსგავსი, რაც უკრაინაში მოხდა", - თქვა ბაიდენმა. 

ამავე დროს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტაივანის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა "საერთოდ არ შეცვლილა".

თეთრი სახლის სპიკერმა პრეზიდენტის ეს კომენტარი გაიმეორა. მან უარი თქვა დამატებით დეტალებზე საუბარზე და არ უპასუხა შეკითხვას, იარაღის მიყიდვის გარდა, აშშ ახლა გააგზავნის თუ არა ტაივანში სამხედროებს. 

შეერთებული შტატები დიდი ხანია ცდილობს შეინარჩუნოს "სტრატეგიული ბუნდოვანება" ტაივანთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკით ის მიზნად ისახავს მინიმუმამდე შეამციროს პირდაპირი კონფლიქტის რისკი ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად აცხადებს.

ბაიდენის კომენტარებმა შესაძლოა კიდევ უფრო გააღიზიანოს პეკინი, რომელმაც ტაივანის მზარდი მხარდაჭერის გამო, აშშ არაერთხელ გააფრთხილა.

პეკინის მთავარმა დიპლომატმა, იან ჯიეჩიმ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ თუ აშშ ტაივანის მხარდაჭერას გააგრძელებს და არასწორ გზაზე უფრო და უფრო შორს წავა, ეს აუცილებლად გამოიწვევს სახიფათო სიტუაციას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ჯეიკობსი