LIVE

პირველად ისტორიაში, საფრანგეთმა შეერთებული შტატებიდან ელჩი გაიწვია

18 სექ 202112:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1015
პირველად ისტორიაში, საფრანგეთმა შეერთებული შტატებიდან ელჩი გაიწვია
Thomas Samson/AFP/Getty Images

პირველად ისტორიაში, საფრანგეთმა გაიწვია ელჩები შეერთებული შტატებიდან და ავსტრალიიდან და ამ გზით გამოხატა რისხვა საიდუმლო გარიგების გამო, რომლის შედეგად საფრანგეთმა მრავალმილიარდიანი წყალქვეშა კონტრაქტი დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა წარსულშიც ყოფილა, მათ შორის 2003 წლის ერაყის ომის საკითხზე, ოფიციალურ პარიზს მსგავსი დიპლომატიური ნაბიჯი არასოდეს გადაუდგამს.

საფრანგეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააუქმეს გალა ვახშამი ვაშინგტონსა და ბალტიმორში, რომელიც ფრანკო-ამერიკული კავშირების აღსანიშნავად იგეგმებოდა.

საფრანგეთის რისხვა გამოიწვია ავსტრალიის გეგმამ, ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების ყიდვის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთად. ახალმა პარტნიორობამ ფაქტობრივად გააუქმა ავსტრალიის 2016 წლის შეთანხმება ფრანგულ გემთმშენებელ Naval Group-თან.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა დაგმო გარიგება, როგორც “მიუღებელი ქცევა მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის, რომლის შედეგები გავლენას მოახდენს ალიანსებზე, პარტნიორობასა და ევროპისთვის ინდო-წყნარი ოკეანის მნიშვნელობაზე”.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მარიზ პეინმა განაცხადა, რომ ქვეყანა “აფასებს ურთიერთობას” საფრანგეთთან, ხოლო კონტრაქტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია “მკაფიო და გაცხადებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად”.

ავსტრალიის წყალქვეშა ნავების გარიგების დაკარგვა არის პირადი დარტყმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვის. ივნისში მაკრონმა ავსტრალიის პრემიერი, სკოტ მორისონი მიიწვია პარიზში და განიხილა კონტრაქტი სახელმწიფო საზღვაო ჯგუფთან.

საფრანგეთის თვალსაზრისით, არასოდეს ყოფილა რაიმე ვარაუდი, რომ ავსტრალია აპირებდა კონტრაქტიდან გასვლას ან სხვა პარტნიორების ძებნას.

თბილი ურთიერთობა ჰქონდათ ემანუელ მაკრონსა და ჯო ბაიდენს. საფრანგეთის პრეზიდენტმა საჯაროდ გამოხატა სიხარული G-7 ივნისის სამიტზე, რომ ამერიკა “დაბრუნდა” და მზად არის იმუშაოს ევროპელ პარტნიორებთან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის რთული წლების შემდეგ.

თუკი საფრანგეთს ექნებოდა ეჭვი, რომ წყალქვეშა გარიგება საფრთხის ქვეშ იყო, ის არ მოაწერდა ხელს ავსტრალიასთან საგზაო რუქას სულ რაღაც ორი კვირის წინ, რომელშიც მათ “პირობა დადეს, რომ გააღრმავებენ თანამშრომლობას თავდაცვის ინდუსტრიაში” და “ხაზი გაუსვეს მომავალი წყალქვეშა პროგრამის მნიშვნელობას”.

ავსტრალიამ გაამართლა ფრანგული კონტრაქტის გაუქმება მისი ფუნდამენტური მოთხოვნით ბირთვული წყალქვეშა ნავების უსაფრთხოების ცვალებად გარემოში, რადგან ჩინეთი სამხედრო გავლენას ინდო-წყნარ ოკეანეში აფართოებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკ უადამსი, სამი ადგირნი და ანია ნუსბაუმი