LIVE

ცაი ინ-ვენი: ტაივანი თავის სუვერენიტეტს დაიცავს

10 ოქტ 202112:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 980
ცაი ინ-ვენი: ტაივანი თავის სუვერენიტეტს დაიცავს
GETTY IMAGES

პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი ამბობს, რომ ტაივანი ჩინეთის ზეწოლას არ დაემორჩილება და მის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსს განაგრძობს.   

"რაც მეტს მივაღწევთ, ჩინეთის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იქნება. ამიტომ მინდა შევახსენო ყველა ჩემს თანამოქალაქეს, რომ ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება”, - თქვა პრეზიდენტმა.

ტაივანის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართვას წინ უძღოდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება მშვიდობიანად უნდა განხორციელდეს და ამის მიღწევის პირობა დადო. 

ტაივანი თავს სუვერენულ სახელმწიფოდ განიხილავს, ხოლო ჩინეთი მას  სეპარატისტულ პროვინციად მიიჩნევს. 

პეკინი გაერთიანების მისაღწევად ძალის შესაძლო გამოყენებას არ გამორიცხავს. ჩინეთმა ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში რეკორდული რაოდენობის სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა. ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს გაფრთხილებად ტაივანის პრეზიდენტისთვის.

ცაი ინ-ვენის თქმით, ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის სამხედრო ფრენებმა სერიოზულად იმოქმედა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საავიაციო დაცვაზე. ბოლო 72 წლის მანძილზე ამან სიტუაცია ყველაზე მეტად გაამწვავა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ტაივანი საპასუხოდ არ "მოიქცევა უხეშად", არამედ გააძლიერებს საკუთარ თავდაცვას.

მან ჩინეთის ლიდერებთან თანასწორ გარემოში საუბრის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა. ჩინეთი ცაი ინ-ვენს "სეპარატისტს" უწოდებს და მასთან საუბარზე უარს აცხადებს. 

ცაი ინ-ვენი პრეზიდენტად გასულ წელს ხელახლა, პეკინთან დაპირისპირების პირობით, აირჩიეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სინდი ვანგი