LIVE

რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველი დეფოლტი განიცადა

27 ივნ 202208:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2219
რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველი დეფოლტი განიცადა

რუსეთმა საუკუნეში პირველად უცხოური ვალუტის სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა, რაც დასავლური სანქციების კულმინაციაა, რომელმაც ქვეყანას კრედიტორებისთვის გადახდის გზები მოუჭრა.

თვეების განმავლობაში რუსეთი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად გზებს პოულობდა, თუმცა კვირა დღის ბოლოს ბონდის პროცენტის $100 მილიონიანი გადახდის საშეღავათო პერიოდი დასრულდა, გადახდის შეუსრულებლობა კი ავტომატურ დეფოლტად ითვლება.

ეს ქვეყნისთვის საერთაშორისო ბაზრებიდან ეკონომიკურად, ფინანსურად და პოლიტიკურად გარიყვას ნიშნავს. რუსეთის საგარეო რეზერვები გაყინული რჩება, უმსხვილესი ბანკები კი გლობალური სისტემიდან გათიშულია.

თუმცა, ეკონომიკისა და ბაზრებისთვის უკვე მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, დეფოლტი ძირითადად სიმბოლურია და ნაკლებად მნიშვნელოვანია რუსებისთვის, რომლებიც ორნიშნა ინფლაციასა და წლების განმავლობაში ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას უმკლავდებიან.

ახლა საკითხავია, რა მოხდება შემდეგ, რადგან ბაზრები უნიკალური სცენარის წინაშე დადგებიან, სადაც დეფოლტირებული მსესხებელი, რომელსაც ყველა რესურსი და სურვილი აქვს ვალდებულებები დააკმაყოფილოს, გადახდას ვერ ახორციელებს.

როგორც წესი, დეფოლტის დეკლარაციას ძირითადი სარეიტინგო სააგენტოები გამოსცემენ, თუმცა სანქციები მათ რუსეთთან თანამშრომლობას უკრძალავს. ობლიგაციების მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი განცხადება გააკეთონ, მაგრამ შესაძლოა მათ სიტუაციის მონიტორინგი არჩიონ და ფულის უკან დაბრუნების გზები ეძებონ.

თავის მხრივ, რუსეთი დეფოლტს არ აღიარებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დეფოლტის გამოცხადების საფუძველი არ არსებობს და კრემლი მომხდარის ამ ინტერპრეტაციას არ ეთანხმება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გიულია მურფორგო